თამაზ მეჭიაური ნატოს შტაბბინაში იმყოფებოდა ვიზიტით, თუმცა პოზიცია არ შეუცვლია

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში იმყოფებოდა ვიზიტით. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, ვიზიტი და ბრიუსელში გამართული შეხვედრები მისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო, თუმცა თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არ შეუცვლია.

“მე მოწვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან მქონდა. მერებიდან მხოლოდ მე ვიყავი, მაგრამ [ჩვენს დელეგაციაში] ასევე შედიოდა 7 სხვადასხვა საკრებულოს წარმომადგენელი. იქ იყვნენ სხვადასხვა რეგიონისა და პარტიის წარმომადგენლები”, – ამბობს მეჭიაური.

თიანეთის მერის თქმით, ბრიუსელში შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეიმს შეას, ნატოში ამერიკის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესმრულებელ ჯული ფიშერს, ასევე ნატოში იტალიის, თურქეთის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს წარმომადგენლებს.

“ჩემი ჩართვა [დელეგაციაში] არც დაუმალავთ, იყო იქიდან გამომდინარე, რომ მე სკეპტიკურად ვუყურებ… საინტერესო იყო, მე დიდი იმედი არ მქონდა, რომ რაიმე შეიცვლებოდა, მაგრამ პირველი პირებისგან [ინფორმაციის] მოსმენა სულ სხვაა. ამ კუთხით სასარგებლო იყო იმიტომ, რომ უკეთ გავერკვიე, რა ხდება, მაგრამ იგივე აზრზე დავრჩი უფრო მყარადაც, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში რაიმე რეალური გზავნილი არ გვაქვს”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

სტატია ნეტგაზეთის არქივიდან თამაზ მეჭიაურსა და წინა მოწვევის პარლამენტის სხვა ნატო-სკეპტიკოს დეპუტატებზე

NATO-ს სკეპტიკოსები მმართველი პოლიტიკური გუნდიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com