ახალი ამბები

დაპირისპირება “ოცნებაში”: პარტიული დისციპლინის წესების შემოღება იგეგმება

13 აპრილი, 2018 • 1525
დაპირისპირება “ოცნებაში”: პარტიული დისციპლინის წესების შემოღება იგეგმება

“ქართული ოცნება” პარტიული დისციპლინის წესების შემუშავებას გეგმავს – ამის შესახებ განცხადებებს უმრავლესობის დეპუტატები აკეთებენ.

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ამ წესებს ირაკლი კობახიძე შეიმუშავებს და მის განხილვაში მონაწილეობას 116-ივე დეპუტატი მიიღებს:

“ეს იქნება ერთმანეთთან ურთიერთობის წესები, ბატონ ირაკლის აქვს დავალებული ეს საკითხი. ჩვენ თათბირი ჩავატარეთ, პარტიების და ფრაქციების ხელმძღვანელობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონი პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა და ბატონი ირაკლიც. და გადაწყდა, რომ ბატონი ირაკლი შეიმუშავებს ამ წესებს და შემდეგ უმრავლესობის 116-ივე წევრი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ წესების განხილვაში,”- აცხადებს ნოზაძე.

უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის თქმით, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ექნება თუ არა ნორმატიული შინაარსი ამ წესებს და მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი პოლემიკა გაიმართება.

“როცა შენ წყვეტ, რომ იყო რაიმე პოლიტიკური ორგანიზციის წევრი, ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში იყო, მათ შორის, უმრავლესობაში, ეს გარკვეული პოლიტიკური დისციპლინის ქონაა”- ამბობს კობა ნარჩემაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ პარტიულ დისციპლინაში ახალი არაფერი არ არის:

“პარტიული დისციპლინა, ეს არის, ზოგადად, მიღებული საერთაშორისო პრინციპი და აქ ახალი არაფერი არ არის, ჩვენ ამ ეთიკის ნორმებს შინაგანი რწმენით დავარეგულირებთ თუ წესების ფორმთ ჩამოვყალიბდებით, აქაც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხებზე უნდა იმსჯელონ, ჯერ არ გამართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი