ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობა გეგმავს, მეწარმეებს სესხის მიღებაში დაეხმაროს

12 აპრილი, 2018 • 2796
მთავრობა გეგმავს, მეწარმეებს სესხის მიღებაში დაეხმაროს

მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებაზე უარს ეტყვიან.

ამის შესახებ 12 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან ერთად ახალ ინიციატივეზე,  “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე” უკვე მუშაობს:

“როდესაც დამწყები მეწარმე ან მცირე მეწარმე მივა კომერციულ ბანკში, მისი პროექტი იქნება განხილული საკრედიტო დეპარტამენტის მიერ და იგი მიიღებს პროექტის მოწონებას, მაგრამ მას არ ექნება საკმარისი თანამონაწილეობა, ანუ კაპიტალი. ამ წინაპირობით მას ექნება უკვე უფლება, რომ მიმართოს ამ პროგრამას.  საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა, ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ,” – აცხადებს პრემიერი.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პროექტით ვერ ისარგებლებენ ის მეწარმეები, რომლებსაც საერთოდ არ ექნებათ თანამონაწილეობა:

“ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ისეთ მეწარმეს, რომელსაც საერთოდ არ ექნება თანამონაწილეობა და ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, რომ პროექტმა ასეთი მეწარმეები დააფინანსოს. საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა, ანუ არსებული კაპიტალი, კომპანიას არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი,”- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო თანამონაწილეობას მხოლოდ კონკრეტულ, პრიორიტეტულ მიმართულებებში განახორციელებს.

“მთავრობის ეკონომიკური გუნდი საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენი პროექტების ერთობლიობა ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა, ფაქტობრივად, ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი,“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ეს პროგრამა პრემიერ-მინისტრმა 12 აპრილს პროექტის – „ახალგაზრდა მეწარმის” პრეზენტაციაზე დაანონსა. 12 აპრილს ტექნოპარკში ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბანკების მაღალპროცენტიანი სესხები აფერხებს ბიზნესის განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი