მამუკა ბახტაძე: ბანკების მაღალპროცენტიანი სესხები აფერხებს ბიზნესის განვითარებას

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი არ უნდა იყოს და დღესდღეობით ბანკები არ ასრულებენ ეკონომიკის მამოძრავებლის ფუნქციას.

„მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მინისტრმა დღეს, 12 აპრილს, ტექნოპარკში, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა” დააანონსა, რომელსაც მთავრობა გეგმავს.

ტელეკომპანია “იმედისთვის ” მიცემულ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე” ისაუბრა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთი მეწარმეებისთვის იმდენად მაღალია, რომ ისინი საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად უარს ამბობენ სესხის აღებაზე.

“დღეს გვაქვს  ვითარება, რომ მეწარმე, როდესაც მიდის ბანკში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კაპიტალი. თუ მას ეს კაპიტალი არ აქვს, ბევრი ძალიან კარგი იდეა ვერ ხორციელდება და ვერ ხდება სიცოცხლისუნარიანი, ასევე, არის შემთხვევები, როცა პროექტი შეიძლება აკმაყოფილებდეს სტანდარტს, თუმცა არსებული საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, იმდენად მაღალია საპროცენტო ხარჯი, რომ მეწარმე ხშირად უარს ამბობს სესხის აღებაზე,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმით მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებაზე უარს ეტყვიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.