ახალი ამბები

ვოლსკი: საბანკო სისტემა სერიოზულად ამუხრუჭებს ქვეყნის ეკონომიკას

12 აპრილი, 2018 • 3544
ვოლსკი: საბანკო სისტემა სერიოზულად ამუხრუჭებს ქვეყნის ეკონომიკას

საპარალმენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქართული საბანკო სისტემა სერიოზულად ამუხრუჭებს ქვეყნის ეკონომიკას. დეპუტატის თქმით, ბანკები  ზემოგებებზე მუშაობენ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის იაფი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი არ არის:

“ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სასტარტო კაპიტალზე წვდომის არარსებობაა. ბიზნესს არ აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, რაც შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში. საბანკო სისტემა არათუ ხელს უწყობს თავისუფალ, საბაზრო პირობებში ეკონომიკის განვითარებას, არამედ, პირიქით, სერიოზულად ამუხრუჭებს ეკონომიკას.  ბანკები მუშაობენ ზემოგებებზე მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელია იაფი ფინანსური რესურსი”  – ამბობს დეპუტატი.

ვოლსკის თქმით,  საქართველოს დადებითი პოზიციონირება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საბანკო სექტორს გზას უხსნის იაფ ფულად რესურსებზე დონორების მხრიდან. თუმცა, დეპუტატის თქმით, ამის მიუხედავად, ეს ფაქტორი პრაქტიკულად არ აისახება საპროცენტო განაკვეთებზე:

“საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია და უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ბიზნესს და აღარ აძლევს მას განვითარების საშუალებას. ამ ვითარების შეცვლისთვის იქმნება ალტერნატიული წყარო, მთავრობის ეს ინიციატივა გულისხმობს სასტარტო კაპიტალის რეფორმას. ამ რეფორმის ფარგლებში დამწყებ ბიზნესს ექნება წვდომა იაფ ფულად რესურსთან, რომელიც იქნება მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტების რეალური ალტერნატივა,” – ამბობს ვოლსკი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი