ახალი ამბები

მაისში “ოცნების” ყრილობაა – ვის (არ) მოუწევს თანამდებობის დატოვება?

12 აპრილი, 2018 • 1675
მაისში “ოცნების” ყრილობაა – ვის (არ) მოუწევს თანამდებობის დატოვება?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ყრილობის შემდეგ, ცვლილებები მხოლოდ პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას შეეხება.

სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება ყრილობა, სადაც, წესდების თანახმად, უნდა განახლდეს ხელმძღვანელი ორგანოები. რაც შეეხება უშუალოდ ამ  განახლებას, მე ვფიქრობ,  ეს შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას. ცხადია, გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ყრილობისა და  პარტიის წევრთა მისაღებია, თუმცა ჩემი ვარაუდი ასეთია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა უმრავლესობის წევრი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის ბრიფინგი, სადაც მან არ გამორიცხა აღნიშნულ პარტიულ ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება.

“ეს ყრილობის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ  ყრილობაზე თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო იქნება არჩეული. მე, სიმართლე გითხრათ, მაგ პროცესში აქტიურად არ ვმონაწილეობ. თუ დამპატიჟებენ, ვიქნები სტუმარი, თუ ამირჩევენ, ვიქნები დელეგატი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორიცხული არაფერი არაა,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას, რომელსაც კობახიძე იკავებს, ის განმარტავს, რომ აღმასრულებელ მდივანს გენერალური მდივანი ირჩევს და კახა კალაძის მაგივრად კომენტარს ვერ გააკეთებს.


“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპიტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

დღეს, 11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი