ე.წ. ქართული მარში – დაკავებულები სასიკვდილო მშრალ შიმშილობას იწყებენ

ე.წ. ქართული მარში აცხადებს, რომ მათი წევრები, რომლებიც ძალადობის, მუქარის, ჯგუფური ხულიგნობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებებით იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში, გლდანის ციხეში მშრალ სასიკვდილო შიმშილობას იწყებენ.

როგორც სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ დაკავებულთა სასიკვდილო შიმშილობას ციხის გარეთ შეუერთდება ათეულობით და ასეულობით ადამიანი. მისი თქმით, წინა აქციები უფრო დიეტას ჰგავდა, ვიდრე შიმშილობას, ხოლო ახლა ნამდვილად სასიკვდილო შეიძლება იყოს ეს პროტესტი:

“ეს შიმშილობა არ იქნება იმ შიმშილობის მსგავსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ უახლოეს წარსულში და რომელიც რეალურად ჰგავდა უფრო დიეტას, ვიდრე საპროტესტო შიმშილობას. ეს შიმშილობს აქცია იქნება ანალოგი 1981 წელს ირლანდიელი პატრიოტების მიერ განხორციელებული შიმშილობის აქციისა, რომელსაც მაშინ, სამწუხაროდ, 10 ირლანდიელი პატრიოტის სიცოცხლე შეეწირა. ეს აქცია იქნება ანალოგი ამისა. სასიკვდილო შიმშილობის აქციას ექნება რამდენიმე მოთხოვნა, მაგრამ უმთავრესია – უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლება ციხიდან,” – ამბობს სანდრო ბრეგაძე, მოძრაობის ლიდერი.

ე.წ. ქართული მარშის წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მაჰათმა განდის შემდეგ, ყველაზე მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ – ბრეგაძე

რატომ გადაიდო “ქართველთა მარშის” ე.წ. სასიკვდილო შიმშილობა

  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 20 სექტემბერს, ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა ხელისუფლებას შვიდპუნქტიანი მოთხოვნების გეგმა წარუდგინეს და “მაჰათმა განდის შემდეგ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასობრივი უვადო სასიკვდილო შიმშილობით” იმუქრებოდნენ,  თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს 1 ოქტომბრამდე არ შეასრულებდა. მთავრობამ პრაქტიკულად მათი არცერთი მოთხოვნა შეასრულა, თუმცა არც შიმშილობა დაწყებულა. სანდრო ბრეგაძემ არჩევნების მიმდინარეობისას შიმშილობის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია, პარალელურად კი მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.