ახალი ამბები

კობახიძე: ჩვენ ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება ვართ საქართველოს უახლეს ისტორიაში

12 აპრილი, 2018 • 2646
კობახიძე: ჩვენ ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება ვართ საქართველოს უახლეს ისტორიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ლიბერალური ხელისუფლებაა.

ამის შესახებ მან დღეს, 12 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, სადაც Freedom House მოქმედი ხელისუფლების საწინააღდეგოდ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და  მათი უკანასკნელი ანგარიში გააკრიტიკა.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებებს ფსევდოლიბერალური ძალები ებრძვიან:

“არსებობს ე.წ. ლობერალური, უფრო სწორად, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არავითარი საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ვიტყოდი, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატია, სამართლებრივი სახელწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად, სამართლიანობა, თანასწრობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიებს და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება

ანგარიშში ასევე საუბარია არაფორმალურ ძალაუფლებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი