ახალი ამბები

“ოცნება” თავის ოფისს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან ქირაობს

12 აპრილი, 2018 • 3858
“ოცნება” თავის ოფისს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან ქირაობს

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართული ოცნება” ოფისს ერეკლე მეორის მოედანზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან ქირაობს.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, “როსტომ მეფის სასახლის” ფართის ნაწილის – 1290 მ2–ის, იჯარაში “ქართულმა ოცნებამ” 272 274 ლარი გადაიხადა. “ქართულმა ოცნებამ” ფართი იმავე ოფისში 2016 წელსაც იქირავა.

ერეკლე მეორის მოედანზე, #3–ში მდებარე როსტომ მეფის სასახლის მფლობელია შპს “ახალი კაპიტალი”. კომპანიის 100%-ის მფლობელია ივანიშვილთან დაკავშირებული, პანამის ოფშორში დარეგისტრირებული “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელ ს.ა”.

“ახალი კაპიტალის” დირექტორი ივანე ბონდირევი, ამავდროულად, შპს “ძველი უბნის” დირექტორია. “ძველი უბნის” მესაკუთრე ააიპ “ქართული ოცნებაა”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.

“ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი” საქართველოში ფლობს “კაპიტალ ინვესტს”, რომელიც თბილისის იპოდრომის ტერიტორიას ფლობს. “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

“ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი” ფლობდა ბლექ სი არენას, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს, რომელიც 2016 წელს ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქირაობს სახლს, რომელშიც ცხოვრობს. კომპანია “ფინსერვისი XXI” სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ამჟამად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს. ივანიშვილი ბიზნესცენტრს ამ კომპანიისაგან ქირაობს.

ბიზნესცენტრი და ხელოვნების შედევრები ივანიშვილის დეკლარაციის მიღმა

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2012–2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, 2011 წელს დააარსა პარტია “ქართული ოცნება”. იგი 2013 წელს წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა პერიოდულად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა და “ქართული ოცნების მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინაარმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა. ანგარიშშ საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად კონტროლი შეინარჩუნა მმართველ პარტიაზე.

“ადამიანები ფარდის მიღმა” – ივანიშვილი Freedom House-ის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი