ცოლის ჩაქუჩით ცემაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

დღეს, 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ჩაქუჩითა და ხელით განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.ს-მ  მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ზ.ს-მ  ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაარტყა სახის არეში. ბრალდების ინფორმაციით, მოძალადის ქმედებებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ზ.ს. 2017 წლის 5 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება ორ ეპიზოდში სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.