ახალი ამბები

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა

12 აპრილი, 2018 • 3269
ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რომელიც სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, ქართულ-ებრაული ურთიერთობა მსოფლიოში უნიკალური ფენომენია და მისი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება და ეროვნულ კატეგორიაში გადაყვანა ყველა ქართველისთვის და ყველა ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა:

„ეს არის ჩვენი საერთო ზეიმი. გამორიცხულია, 26-საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა – ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი ამხელა პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე. თუნდაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაგალითი რად ღირს. სათქმელი ძალიან ბევრია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიმართა იუნესკოს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი