დიდ ბრიტანეთში ახალი, ვარდისფერი KitKat იყიდება

დიდ ბრიტანეთში კომპანია ნესტლე ახალ ვარდისფერ KitKat-ს უკვე ყიდის. ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მომხმარებლებს “ძლიერი ხილის გემოს” მქონე შოკოლადის გასინჯვის შესაძლებლობა მიეცათ, რომელიც სპეციალური კაკაოს მარცვლებისგან დამზადდა და ვარდისფერია.

გარდიანის ცნობით, კაკაოს მარცვლები, რომლითაც ახალი შოკოლადი მზადდება, კოტ-დ’ივუარიზე, ეკვადორზე და ბრაზილიაში მოჰყავთ. ახალი KitKat შვეიცარიულმა შოკოლატერიამ “Barry Callebaut”-მა შექმნა, რომელიც მსოფლიოში კაკაოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამამუშავებელია. შოკოლატერიამ 10 წელზე მეტი დრო დახარჯა და მარცვლებზე უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომ ახალი ფერები და გემოები მიეღო.

შოკოლადის შემქმნელები აცხადებენ, რომ ვარდისფერი ფერის მისაღებად არავითარი ხელოვნური დანამატები ახალ KitKat-ს არ აქვს, ასევე, მათივე თქმით, ახალი შოკოლადი არ იქნება ისეთი ტკბილი, როგორიც რძის შოკოლადია, მას ძლიერი ხილის გემო ექნება.

ის, რომ კომპანია ნესტლე ახალი ვარდისფერი შოკოლადის გამოშვებას აპირებდა, 2017 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ეს პირველი ნატურალური ფერის შოკოლადი იქნება კომპანიის ბოლო 80 წლის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც თეთრი ფერის ნატურალური შოკოლადი შექმნეს.

აქამდე,KitKat-ის ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული გემოების გასინჯვა იაპონიაში იყო შესაძლებელი, სადაც ნესტლემ ქარხანა გახსნა, მომხმარებლებს კი ვასაბის, ტკბილი კარტოფილის და სხვა არომატების KitKat-ის დაგემოვნება შეუძლიათ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ნესტლეს ადგილობრივ წარმომადგენლობას საქართველოში და ვკითხეთ, აპირებნ თუ არა საქართველოში ვარდისფერი KitKat-ის შემოტანას, რაზეც კომპანიაში პირდაპირი პასუხი არ გაგვცეს:

“ნესტლეს საკომუნიკაციო პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ ვავრცელებთ ინფორმაციას გეგმების შესახებ. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლის გახარებას საინტერესო სიახლეებით, ამიტომაც მუდამ ვმუშაობთ ჩვენი პროდუქციის პორტფელის გაფართოებაზე”,- ნათქვამია კომპანიის პასუხში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com