ახალი ამბები

ოქრიაშვილი: ვფიქრობ, პარტია ამ მდგომარეობიდან უფრო ჯანსაღი გამოვა

11 აპრილი, 2018 • 1593
ოქრიაშვილი: ვფიქრობ, პარტია ამ მდგომარეობიდან უფრო ჯანსაღი გამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და პარტია გადაწყვეტილებას დემოკრატიული პროცედურებით მიიღებს.

ნეტგაზეთთან ოქრიაშვილი ასევეა ამბობს, რომ ვინც ამ დემოკრატიული პროცედურებით მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, შეიძლება უკვე აღარ იყოს გუნდის წევრი:

როდესაც არის დემოკრატიული მმართველობა და ყველას შეუძლია ისაუბროს ნებისმიერ თემაზე ღიად, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა გადაიზაროს დაპირისპირებაში. ძალიან კარგია, რომ ასეთი პროცესები წავიდა. ვფიქრობ, ჩამოყალიბდება დემოკრატიული პროცედურები პარტიაში და პარტია ამ მდგომარეობიდან უფრო ჯანსაღი გამოვა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არანაირი სასწაული არ ხდება. იქნება დემოკრატიული პროცედურები, როდესაც, თუ რომელიმე საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იქნება, უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება და ასე შემდეგ, ყველა დაიცავს ერთნაირ წესებს, ოღონდ დემოკრატიულ წესებს. აღარ იქნება ასეთი რამ, პარტიულ დისციპლინას დაექვემდებარება ყველა და თუ ამ პროცედურების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას მერე უკვე ვინმე არ დაეთანხმა, რა თქმა უნდა, მერე მაშინ უნდა იფიქრო, რომ ეს ადამიანი შენი გუნდის წევრი არ უნდა იყოს,”- ამბობს კახა ოქრიაშვილი.

მისივე განცხადებით, გედევან ფოფხაძემ ემოციური გადაწყვეტილება მიიღო:

“ვთვლი, რომ მან ეს ყველაფერი ემოციებზე დაყრდნობით განაცხადა, იმიტომ, რომ საკითხი – მივცემდით ხმას ქალბატონ ნინიას, თუ არ მივცემდით, არ იყო ასეთი სტრატეგიული საკითხი, როგორიცაა კონსტიტუცია ან ორგანული კანონები. არის უმცირესობის კვოტა და ვინც წარადგინა უმცირესობამ, მე პირადად ავტომატურად მივეცი ხმა, რატომ უნდა ვეჭიდაო უმცირესობის გადაწყვეტილებას, მათი კვოტაა, ხომ სწორია? ვფიქრობ, მან ემოციურად მიიღო ეს გადაწყვეტილება და თუ გადაიფიქრებს, და ჩვენც ამ პერიოდში ახალი, დემოკრატიული პროცედურების შემოღებას ვაპირებთ, მე ძალიან გამიხარდება,”- განაცხადა ოქრიაშვილმა.


“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპიტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

დღეს, 11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი