ახალი ამბებიეკონომიკა

რუბლმა დოლართან 2016 წლის ანტირეკორდი გაიმეორა

11 აპრილი, 2018 • 2408
რუბლმა დოლართან 2016 წლის ანტირეკორდი გაიმეორა

2016 წლის ნოემბრის შემდეგ, რუსული რუბლი აშშ დოლარის მიმართ ყველაზე მეტადაა გაუფასურებული. CNBC-ის ინფორმაციით,  რუბლის გაუფასურება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გამწვავებამ გამოიწვია. ჯამში, რუსეთის ეროვნული ვალუტა ამ კვირაში 11%-ით გაუფასურდა. Financial Times წერს, რომ რუბლი ერთი კვირის განმავლობაში ასე სწრაფად  1999 წლის შემდეგ არ გაუფასურებულა.

რუსეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მინიმუმამდე დაიყვანს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე. სახელისუფლებო წრეებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარს ახალ რეალობასთან შეგუებისთვის დრო სჭირდება. რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველის, ელვირა ნაბიულინას თქმით, პრობლემას ვერ ხედავს, თუ ზეწოლით გამოწვეული შოკის გამტარი რუბლი იქნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეს, 11 აპრილს რუსული რუბლი 2.7%-ით გაუფასურდა. ამ დროისთვის Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარის ყიდვა 64 რუბლადაა შესაძლებელი.

6 აპრილს შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო 7 რუს ოლიგარქს, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან არიან დაკავშირებულნი, და მათ მფლობელობაში არსებულ 12 კომპანიას. სანქციები რუსი ოლიგარქებისთვის აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

ლიბანში რუსეთის ელჩმა 10 აპრილს განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით აშშ-ის მიერ გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას რუსეთი ჩამოაგდებს. ამ განცხადებას 11 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა Twitter-ზე უპასუხა. აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთი სირიაში აშშ-ს რაკეტებს უნდა ელოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი