ახალი ამბები

დეპუტატების შეფასება Freedom House-ის ანგარიშზე

11 აპრილი, 2018 • 1936
დეპუტატების შეფასება Freedom House-ის ანგარიშზე

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშს, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებს ეხება, საპარლამენტო უმრავლესობაში კრიტიკულად არ აფასებენ. უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ რადგან ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, ქვეყნების მიმართ უფრო მომთხოვნია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტია, მედიაპლურალიზმი კი- გარანტირებული:

“Freedom House არის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია, შესაბამისად, ის ყველა ქვეყანასთან უფრო მეტის მომთხოვნია. ის იმ ქვეყნებსაც აკრიტიკებს ამ კომპონენტში, სადაც თავისი ოფისები აქვს განთავსებული. საქართველოში, ქართული ოცნების მოსვლის დღიდან, ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი და გამოხატვის თაივსუფლება არის უზრუნველყოფილი, მედიაპლურალიზმი არის გარანტირებული.

შესაბამსიად, ყველაზე კარგი შემფასებელი ამ შემთხვევაში არის ხოლმე ამომრჩეველი და ის თავის გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების დროს” – ამბობს გოგიჩაიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან კობერიძე კი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიის მაჩვენებელმა, რომელსაც ორგანიზაცია განსაზღვრავს, მცირედით იკლო და არ მიაჩნია, რომ დემოკრატიის ხარისხთან ან მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემებია. თუმცა აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში შედეგებს დეტალურად გაეცნობიან და მიზეზებს გამოიკვლევენ:

“მედიასთან მიმართებით და დემოკრატიის ხარისხთან მიმართებით, მე მგონი, პრობლემები არ გვაქვს. 0.07 პროცენტს და და 0.25 პროცენტს, რომელსაც აუცილებლად წავიკითხავთ დეტალურად, გავერკვევით, რასთან არის ეს დაკავშირებული. თუკი რაიმე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ამ 0,07 და 0,25 პროცენტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუყურებთ მსგავს დასკვნებს და ახლაც აუცილებლად გავითვალისწინებთ” – ამბობს დეპუტატი.

ანგარიშსს განსხვავებულად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ორგანიზაციის ბოლო ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. არაფორმალური მმართველობა კი უმთავრესი გამოწვევაა:

“Freedom House-ის ეს ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც საქართველო დგას და იმ სერიოზულ პრობლემებს, რა პრობლემებსაც ჩვენ წელს და მომავალ წლებში უნდა გავუმკლავდეთ. ესაა არაფორმალური მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმჭვირვალობა, მედიის პრობლემები, პრობლემები სასამართლოში.

ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მძიმე სურათს დემოკრატიის მიმართულებით საქართველოში. მე ყველაზე მეტად გამოვარჩევდი არაფორმალურ მმართველობას . ეს ნებისმიერი ტიპის დემოკრატიას გმაორიცხავს, როცა რეალურ ძალაუფლებას ფლობს ადამიანი, რომელიც ვალდებულებების და კონსტიტუციის მიღმა არსებობს” – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შემცირებაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს და მედიის თვისუფლების კუთხითაც მრავალი პრობლემა არსებობს:

“ქვეყანაში რომ დემოკრატიის ხარისხი შემცირდა, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ის, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არის მრავალი პრობლემა, სასამართლო სისტემა  ჩამოშლილია და ქვეყანა არაფორმალურად იმართება. ქვეყანაში გადაწყვეიტლებები არ მიიღება კანონით, კონსტიტუციის საფუძველზე. პარლამენტი კი არ განსაზღვრავს ქვეყნის ბედს და კანონებს, არამედ ამას არაფორმალური მმართველი აკეთებს” – თქვა რომან გოცირიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.


Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება

ანგარიშში ასევე საუბარია არაფორმალურ ძალაუფლებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი