ახალი ამბები

NDI: ამ არჩევნებით დასრულდა ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი

28 ოქტომბერი, 2013 • • 1341
NDI: ამ არჩევნებით დასრულდა ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი

NDI-ის შეფასებით, არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოში მკვიდრდება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები:

 

“საარჩევნო პროცესები უმეტესწილად საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად წარიმართა და უშუალოდ არჩევნების დღემ მშიდობიანად და გართულებების გარეშე ჩაიარა. უფრო მეტიც, პროცესს მნიშვნელოვნად წაადგა ძლიერი ოპოზიციური კანდიდატების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ამომრჩევლების აქტიური მონაწილეობა. ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნები საქართველოს პოლიტიკის დამახასიათებლი ხდება”, – ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.

 

თუმცა ანგარიშში უარყოფით ტენდენციებზეც არის საუბარი, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, ამ არჩევნებში გამოიკვეთა და რომელმაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. NDI ასეთ გამოყოფს შემდეგ საკითხებს:

 

“პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას და რელიგიურ, პოლიტიკურ და სექსუალურ უმცირესობებზე ზეწოლას; მსგავსი ზეწოლის აღკვეთისკენ მიმართულ არასაკმარის ძალისხმევას; ტენდენციას, რომ ხელისუფლების ერთ დონეზე არჩევნების  შედეგები ხელისუფლების სხვა დონეებზეც აისახება; არჩევნების ლეგიტიმურობის და სხვა კანდიდატების სანდოობის საკითხის ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას; საარჩევნო და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებას; და მიმდინარე პოლარიზირებული ატმოსფეროს.

 

იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები გადაიჭრას, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ოპონენტების და უმცირესობების დაცვის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თანამშრომლობის, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნების მაგალითი უნდა დაამკვიდრონ.”


ანგარიშში მიმოხილულია პოლიტიკური კონტექსტი, რაც ახლდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს:


“ამ არჩევნებით დასრულდა ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტი და პრემიერ- მინისტრი აღმასრულებელ ხელისუფლებას ინაწილებდნენ… კოჰაბიტაციის ერთმა წელმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში მყოფ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის თანამშრომლობის რამდენიმე შემთხვევა წარმოაჩინა, თუმცა აღნიშნულმა ვერ აღმოფხვრა ის პოლარიზაცია და მიდგომა- „ან ყველაფერი, ან არაფერი“, რომლითაც ბოლო წლების ქართული პოლიტიკა გამოირჩეოდა.”


NDI-ის დამკვირვებლების ინფორმაციით, ზოგადად წინასაარჩევნო გარემო კონკურენტული იყო; დაცული იყო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა. ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე პროცესებმა მშვიდად და გამჭვირვალედ ჩაიარა.


ანგარიშში, ასევე, შეფასებულია მედიაგარემო:


“ყველაზე პოპულარული მაუწყებლების მიერ გამოხატული პოლიტიკური შეხედულებების მრავალფეროვნება, ერთი შეხედვით, მცირდება. მედიაბაზარზე სურათის შეცვლამ ყველაზე პოპულარული არხების ფინანსური მდგრადობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამასთანავე, ზოგიერთი მაუწყებლის წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის ლიდერების მხრიდან ზოგიერთი არხის სასარგებლოდ გამოთქმულმა მოსაზრებებმა რედაქტორებსა და ჟურნალისტებს შორის გარკვეული თვითცენზურა და რეკლამის დამკვეთებს შორის შერჩევითობა გამოიწვია. ამ ტენდენციების ერთობლიობა ხელს უშლის ამომრჩევლის შესაძლებლობას, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

 

დელეგაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და პროგრამულ ბადეში ბოლო პერიოდში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით.”

 

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციებიც და ყურადღება გამახვილებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე:

 

“სავარაუდოდ, პოლიტიკური ტემპერატურა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მაღალი იქნება; შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების პოზიტიური ასპექტების გასაგრძელებლად და პრობლემების აღსაკვეთად დამატებითი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის: ძალადობის აღკვეთაზე და მის პრევენციაზე საკმარისი ყურადღების გამახვილება; სახელმწიფოსა და კამპანიის რესურსებს შორის არსებული განსხვავების კიდევ უფრო დაზუსტება; საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო კომისიების წარმომადგენლობითობა და არჩევნებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა; საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზუსტი, მიუკერძოებელი პოლიტიკური ამბების გადმოცემა”.

 

სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდნენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი შვედეთიდან; საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეთ იალოვიცი. ინსტიტუტის 20 წევრისგან შემდგარმა დელეგაციამ საქართველოს მასშტაბით 23
ოლქში 92 საარჩევნო უბანი მოინახულა. მისიის საქმიანობა დაეყრდნო 2013 წლის სექტემბერში NDI–ის წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშსა და NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მუშაობის შედეგებს, რომლებიც NDI-ის ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად აგვისტოს დასაწყისიდან აკვირდებოდნენ წინასაარჩევნო გარემოს.

 

დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 24 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის პერიოდს მოიცავდა. დელეგაციის წევრები კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი