ახალი ამბები

რევაზ არველაძე: არც ფოფხაძე და არც კობახიძე არ უნდა გაცხარებულიყვნენ

11 აპრილი, 2018 • 2309
რევაზ არველაძე: არც ფოფხაძე და არც კობახიძე არ უნდა გაცხარებულიყვნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კედევან ფოფხაძესა და ირაკლი კობახიძეს რადიკალური განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ.

“ჩემი აზრით, არცერთი მათგანი, არც გედი ფოფხაძე და არც ირაკლი კობახიძე ჩემი აზრით არ უნდა გაცხარებულიყნენ და არ უნდა გაეკეთებინათ ცოტა რადიკალური განცხადებები, ერთს – უმრავლესობის დატოვების თაობაზე და მეორეს – იმის თაობაზე თითქოს დიდი შეურაცხყოფა იყო მიყენებული უმრავლესობის წევრების მიმართ.

თვითონ გედზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, თვითონ აქ არ არის, ამიტომ, მასთან არც შეხვედრა მქონია, არც არაფერი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჭიჭინაძე და ქანთარია უმრავლესობას არ დატოვებენ. ყოველ შემთხვევაში, დღეს არა. ნამდვილად არ არის ახლა ის საკითხი, რისი გულისთვისაც გედიმ გააკეთა განცხადება, ასეთი აჟიოტაჟის ატეხვის ამბავი, არ იყო საჭირო არც განცხადება და არც შემდეგ ამის გაგრძელება,”- ამბობს რევაზ არველაძე.

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპიტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

დღეს, 11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი