ახალი ამბები

თეიმურაზ პატარიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

28 ოქტომბერი, 2013 • • 1592
თეიმურაზ პატარიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურა პატარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე- ბრალდებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას, ან 10 000 ლარიან გირაოს.

 

პროკურორ გიორგი დავითაშვილის განცხადებით, პატარიძეს პატიმრობის აუცილებლობა გამომდინარეობდა იქიდან, რომ ის მოსალოდნელი სასჯელის გამო შესაძლოა მიმალულიყო:

 

“მოგეხსენებათ, რომ პატარიძეს ბრალი ედება ყალბი პირადობების დამზადების ორგანიზებაში, აქედან გამომდიანრე არ არის გამორიცხული, რომ მას თავისთვისაც ჰქონდეს დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დატოვოს ქვეყანა. ასევე მას აქვს კავშირი პირებთან, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და შესაძლოა დაეხმარონ განზრახვის განხორციელებაში”, – განაცხადა პროკურორმა სასამართლოს მსვლელობისას.

 

პროკურატურამ პატარიძის დასაკავებლად კიდევ რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მათ შორის, პროკურორების განცხადებით, ბრალდებულს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირს წარმოადგენდა, შეეძლო მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა და მტკიცებულებების განადგურება:

 

“მოწმეთა ჩვენებებით მტკიცდება, რომ გაყალბებული იყო 10 000–მდე პირადობის მოწმობა, საიდანაც ამოღებულია მხოლოდ 2600, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ გათავისუფლების შემთხვევაში პატარიძე შეძლებს ამ მოწმობების განადგურებას, ხოლო სხვა პირებთან მოლაპარაკების საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას ხელოვნური ალიბი”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი კავსაძემ.

 

დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სათანადოდ არ დაუსაბუთებია:

 

“2013 წელს თეიმურაზ პატარიძეს გაცილებით მძიმე დანაშაულისთვის ჰქონდა წარდგენილი ბრალი, მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა, პატარიძე არც მიმალულა და არც ქვეყანა დაუტოვებია, მის სახელზე მართლა რომ ყოფილიყო პირადობა დამზადებული, ის თავისუფლად დატოვებდა საქართველოს. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რატომ უნდა მიიმალოს ახლა მოსალოდნელი სასჯელის შიშით, როდესაც მას გაცილებით მსუბუქი სასჯელი ემუქრება?”, – განაცხადა ადვოკატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.

 

დაცვის მხარის განცხადებით, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო პროკურატურის არგუმენტები პატარიძის მიერ მტკიცებულებათა განადგურების თაობაზე. 

 

მოსამართლე ბადრი შონიამ დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ თეიმურაზ პატარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ბრალდებულთან მოლაპარაკებების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

 

თეიმურაზ პატარიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის 1 ნაწილით(სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც ჯარიმას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 25–362 მუხლის მე–3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით(ყალბი პირადობის მოწმობის დამზადების ორგანიზება), რაც ითვალისწინებს 4–6 წლამდე პატიმრობას, ასეცე 25–64 მე–2 პრიმა მუხლით(არჩევნებზე ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის ორგანიზება), რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

თემურ პატარიძე პირველად 2013 წლის 16 იანვარს დააკავეს. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ (333-ე მუხლი). სასამართლომ თემურ პატარიძესა და პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 17 ივლისს დამტკიცდა. თემურ პატარიძეს 100 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა და სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

 

თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში
თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი