ახალი ამბები

ცუკერბერგის შეხვედრა სენატორებთან, რომლებმაც არ იციან, როგორ მუშაობს ფეისბუკი

11 აპრილი, 2018 • 3777
ცუკერბერგის შეხვედრა სენატორებთან, რომლებმაც არ იციან, როგორ მუშაობს ფეისბუკი

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 10 აპრილს ამერიკელ სენატორებს შეხვდა. შეხვედრას წინ უძღოდა უმსხვილესი სოციალური ქსელისა და Cambridge Analytica-ს სკანდალი, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ფეისბუკის 87 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია გასართობი აპლიკაციის საშუალებით მოიპოვეს და ტრამპის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენეს. 

თუმცა, იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ სენატორები ცუკერბერგს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ, აღმოჩნდა, რომ დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, თუ რა პრინციპით მუშაობს ფეისბუკი. სენატორების უხერხული კითხვები CNN-მა ერთად შეკრა. 

შეხვედრისას გამოჩნდა, რომ სენატორებმა ფეისბუკის საქმიანობის მოდელის შესახებ არაფერი იცოდნენ და მათმა ზედაპირულმა კითხვებმა ცუკერბერკს საშუალება მისცა, Cambridge Analytica-ს სკანდალიდან ფოსკუსი გადაეტანა ფეისბუკის მუშაობის პრინციპების ახსნაზე.

ერთ-ერთი ასეთი კითხვა სენატორ ორინ ჰეთჩს ეკუთვნის, რომელმაც ცუკერბერგს ჰკითხა:

“კი მაგრამ, როგორ ინარჩუნებთ ისეთ ბიზნესს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სერვისის სანაცვლოდ არ გადაიხადოს?”

“სენატორო, ჩვენ გვაქვს რეკლამები”- პასუხობს ცუკერბერგი.

კიდევ ერთი ასეთი კითხვა სენატორ დებ ფიშერისგან გაისმა, რომელმაც იკითხა:

“იმ კატეგორიებიდან, რომლებსაც ფეისბუკი აგროვებს, რამდენს ინახავს ის?”

“სენატორო, შეგიძლიათ განმიმარტოთ, თუ რას გულისხმობთ “მონაცემების კატეგორიებში”? დარწმუნებული არ ვარ, კითხვა რისკენ არის მიმართული” – უპასუხა ცუკერბერგმა.

თუმცა კითხვა-პასუხებს შორის ინტერნეტისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სენატორ ჯონ კენედის მიმართვა იყო, რომელიც ასე დაიწყო:

“აი, რის თქმას ცდილობს აქ ყველა. მე ვეცდები, რომ ეს ნაზად გადმოვცე, მაგრამ თქვენი [ფეისბუკის] სამომხმარებლო შეთანხმება ჩაფლავდა. მე თქვენ გირჩევთ, რომ წახვიდეთ სახლში და შეიმუშაოთ ისეთი შეთანხმება, რომელსაც ჩვეულებრივი ამერიკელი გაიგებს, რომელიც იქნება ინგლისურ და არა, რაღაც სვაილურ (დიალექტი, რომელზეც აღმ. აფრიკის რიგ ქვეყნებში) ენაზე” – განაცხადა მან.

შემდეგ კი სენატორმა კენედიმ მარკ ცუკერბერგს შემდეგი კითხვები დაუსვა:

კენედი: “თანახმა ხართ, რომ მე, როგორც მომხმარებელს, უფრო მეტი საშუალება მომცეთ, წავშალო ჩემი მონაცემები”?

ცუკერბერგი: “სენატორო, თქვენ უკვე შეგიძლიათ წაშალოთ ნებისმიერი ინფორმაცია განცალკევებულად ან მთლიანად”.

კენედი: “თანახმა ხართ, რომ გაზარდოთ ჩემი  უფლება, აგიკრძალოთ ჩემი მონაცემების სხვებისთვის გაზიარება?”

ცუკერბერგი: “სენატორო, კიდევ ერთხელ, თქვენ უკვე გაქვთ ამის უფლება”.

კენედი: “მაძლევთ საშუალებას, რომ მე ავიღო მთელი ჩემი მონაცემები ფეისბუკიდან და წავიღო სხვა სოციალურ ქსელში?”

ცუკერბერგი: “სენატორო, თქვენ უკვე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ”.

კითხვებს შორის იყო სენატორ რიჩარდ დურბინის კითხვაც, რომელმაც ცუკერბერგს ჰკითხა, მოუნდებოდა თუ არა იმ სასტუმროს სახელის გასაჯაროება, რომელშიც რჩებოდა.

სენატორებს შორის გამონაკლისი კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი იყო, რომელმაც ცუკერბერგს უშუალოდ Cambridge Analytica-ს სკანდალზე და მომხმარებლების მონაცემის გაჟონვაზე ჰკითხა.

“ფეისბუკმა “კემბრიჯ ანალიტიკის” მიერ მონაცემების გამოყენების შესახებ 2015 წელს, ანუ 28 თვის წინ გაიგო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სოციალურმა ქსელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამის შესახებ მომხმარებლებისთვის არ ეთქვა. ჩემი კითხვა შემდეგნაირია: იმ დროს, როდესაც თქვენ გაიგეთ მონაცემების გაჟონვის შესახებ, ჩაატარა თუ არა ვინმემ ფეისბუკში განხილვა, რომლის შედეგადაც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მომხმარებლებს არ აცნობოთ მათი მონაცემების შეუთანხმებლად გამოყენების შესახებ? და თუ ეს ასე იყო, თქვენ მონაწილეობდით ამ განხილვაში?” – იკითხა სენატორმა.

ცუკერბერგმა აღნიშნულ კითხვას ვერ უპასუხა და განმარტა, რომ მას “არ ახსოვს, თუ ასეთი განხილვები ფეისბუკში საერთოდ იყო”.

როგორ დაიწყო Cambridge Analytica-ს სკანდალი

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ. აღნიშნული ქმედება ფეისბუკის იმდროინდელი წესებით ნებადართული იყო. როგორც კოგანი ამბობს, აღნიშნული ტესტი მას ფეისბუკმომხმარებლების ონლაინ ქცევის შესასწავლად სჭირდებოდა.

ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაციის 270 ათასი ამერიკელი მომხარებლის მონაცემი პირდაპირ მოიპოვა. გარდა ამისა, მან შეაგროვა ამ მომხარებლების მეგობართა პერსონალური მონაცემები, რამაც, ჯამში, 87 მილიონ ადამიანს მიაღწია.

The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა (ამ კომპანიას კავშირი არ აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან).

იმ დროისთვის, ანუ 2015-6 წლებში, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა.

ფეისბუკმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ მათი მომხმარებლების მონაცემები 2015 წელს წაშალა, თუმცა, როგორც The New York Time-ს წერს, Cambridge Analytica-ს ამ მონაცემებზე წვდომა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჰქონდა.

გამოცემის თანახმად, ფეისბუკის ისტორიაში ეს სკანდალი მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის ყველაზე დიდი შემთხვევაა. თავად Cambridge Analytica-ში The New York Time-ის ბრალდებებზე აცხადებენ, რომ მომხმარებლების მონაცემები 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში არ გამოუყენებიათ.

ფეისბუკის სკანდალის ირგვლივ დისკუსია კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც Channel 4-მა Cambridge Analytica-ს ამჟამინდელი მოქმედი ხელმძღვანელ ალექსანდრ ნიქსზე ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის პოლიტიკოსებთან შესაძლო შეთანხმებასა და ქრთამზე საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი