ახალი ამბებისამართალი

სირიაში 500 ადამიანს ქიმიური თავდასხმის სიმპტომები აქვს – ჯანმო

11 აპრილი, 2018 • 2737
სირიაში 500 ადამიანს ქიმიური თავდასხმის სიმპტომები აქვს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო შეტევის დროს დაზარალებული ადამიანების “სიმპტომები ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლისათვისაა დამახასიათებელი”. ორგანიზაციის განმარტებით, 500 ადამიანი ამ ნიშნებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ხელი არ შეუშალონ დაზარალებულებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენაში”, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე პეტერ სალამანამ.

გარდიანის” ცნობით, გაეროს ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიაზე, მათ შორის- ქალაქ დუმაზე, სადაც სავარაუდო შეტევა განხორციელდა. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ამ თავდასხმასთან.

დუმას სამედიცინო მუშაკებმა “გარდიანს” უთხრეს, რომ შაბათს ასობით ადამიანი მივიდა საავადმყოფოებში იმ გამოვლინებებით, რომლებიც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება.

ექიმები ამბობენ, რომ დაზარალებულებს აღენიშნებათ ქაფი პირის ღრუში, მძიმედ სუნთქვა, შეშუპება, თვალის გუგის შევიწროება, რქოვანის დამწვრობა, ლურჯი ლაქები კანზე, რასაც ნახშირორჟანგის ნაკლებობა იწვევს, ქლორის სუნი.

დუმა ბოლო ქალაქია, რომელსაც სირიის აჯანყებულები აკონტროლებენ. სირიის დედაქალაქ დამასკოს მოსაზღვრე ღუტას ანკლავის აღმოსავლეთ ნაწილის ხუთდღიან დაბომბვას 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

სირია: აღმოსავლეთ ღუტა ცეცხლსა და დანას შორის

“გარდიანი” იუწყება, რომ დიდი ალბათობით, ამ შეტევის შემდეგ დუმა დანებდება. ჯაიშ ალ ისლამი, დომინანტური ოპოზიციური ძალა, რომელიც დუმას აკონტროლებს, აცხადებს, რომ დატოვებს ქალაქს.

მასალების გადაბეჭდვის წესი