ახალი ამბები

რა შემთხვევაში გაუქმდება NTV Plus-ის ავტორიზაცია საქართველოში

11 აპრილი, 2018 • 2290
რა შემთხვევაში გაუქმდება NTV Plus-ის ავტორიზაცია საქართველოში

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ მათ რუსული სახელმწიფო კომპანია “ენ ტე ვე პლუსისგან” დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვეს და თუ მას ვერ წარმოადგენენ, ის საქართველოში მუშაობის უფლებას დაკარგავს. “ენ ტე ვე პლუსი” სატელიტური ტელეოპერატორია. ის ქართველი მომხმარებლისთვის სატელევიზიო პაკეტების შეთავაზებას აპირებს, რომელთა დიდი ნაწილი პროპაგანდისტული რუსული ტელეარხია.

2016 წელს  “ენ ტე ვე პლუსმა”საქართველოში ავტორიზაცია გაიარა და თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების გაწევის უფლება მიიღო. თავად კომპანიამ 2018 წლის 10 აპრილს თქვა, რომ ისინი საქართველოში შესვლისა და “გეოგრაფიული ექსპანსიისთვის” ემზადებიან. “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ (GNCC) ნეტგაზეთს განუცხადა, უწყებაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, პროცედურულად, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, მათ შორის უცხოური კომპანიის წარმომადგენელი,  და თუ ის კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარადგენდა, ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას. GNCC-ის თქმით, “ენ ტე ვე პლუსმა” სწორედ ამგვარად მიიღო საქართველოში მუშაობის უფლება, თუმცა ვითარება ამ დროისათვის შეცვლილია.

“კომისიამ ეს მიდგომა შეცვალა და დღეს უკვე  უცხოურ კომპანიას მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება იმისთვის, რომ  კომპანია  ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა  კი წარმოადგინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში”, – ნათქვამია ნეტგაზეთისთვის GNCC-ის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

უწყებისვე განმარტებით, თუ “ენ ტე ვე პლუსმა” საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა ვერ წარმოადგინა, მას ავტორიზაცია შეუჩერდება. აღნიშნული ნიშავს, რომ ის საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებს. GNCC-ის განმარტებით, მათ იგივე მოთხოვნა წაუყენეს კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სხვა უცხოურ კომპანიასაც (ამ კომპანიას “ენ ტე ვე პლუსთან” კავშირი არ აქვს).

თუმცა თავად რუსული სატელიტური ტელეოპერატორი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე მათი შესვლა გადაწყვეტილია. კომპანიის თქმით, მათი პარტნიორი “მედია ჯგუფია”. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2017 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მის 50%-ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%-ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი. დავით ნაკაშიძე 2018 წლის თებერვლამდე “სილქნეტის” კუთვნილი შპს “ვაიმაქს ჯორჯიას” დირექტორი იყო.

“ენ ტე ვე პლუსი” ჰოლდინგ “მედია მოსტის” ნაწილია. აღნიშნული ჰოლდინგი 2000 წლამდე რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა 2001 წლიდან მას სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედია” ფლობს და პროსახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი