ახალი ამბები

ფეისბუქის ინსტრუმენტი, რითაც მომხმარებლები ამოწმებენ, მოიპარეს თუ არა მათი მონაცემები

11 აპრილი, 2018 • 2440
ფეისბუქის ინსტრუმენტი, რითაც მომხმარებლები ამოწმებენ, მოიპარეს თუ არა მათი მონაცემები

სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ახალი ინსტრუმენტი დაამატა news feed-ს, რომლის გამოყენებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაიგონ, გამოიყენა თუ არა მათი მონაცემები კომპანია კემბრიჯ ანალიტიკამ პოლიტიკური მიზნებისთვის.

ფეისბუკის ინფორმაციით, ამ ლინკზე გადასვლით მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ, აქვს თუ არა გამოყენებული მას ან მის მეგობარს აპლიკაცია “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება”, რომელმაც მომხარებლების მიერ მითითებული ქალაქები, გვერდები, რომლებიც მოსწონთ, დაბადების თარიღები და მეგობრების სია აიღო და შემდეგ კემბრიჯ ანალიტიკას გადასცა.

ბოლო პერიოდში ფეისბუკის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სენატორებმაც დაიბარეს კონგრესში, სადაც მათ შეკითხვებს  პასუხობდა. რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად ირკვევა, რომ სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემი უკანონოდ გამოიყენეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში.

ბრიტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდეს ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ. აღნიშნული ქმედება ფეისბუკის იმდროინდელი წესებით ნებადართული იყო. როგორც კოგანი ამბობს, აღნიშნული ტესტი მას ფეისბუკმომხმარებლების ონლაინ ქცევის შესასწავლად სჭირდებოდა.

ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაციის 270 ათასი ამერიკელი მომხარებლის მონაცემი პირდაპირ მოიპოვა. გარდა ამისა, მან შეაგროვა ამ მომხარებლების მეგობართა პერსონალური მონაცემები, რამაც, ჯამში, 50 მილიონ ადამიანს მიაღწია.

The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა (ამ კომპანიას კავშირი არ აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან).

იმ დროისთვის, ანუ 2015-2016 წლებში, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა. ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი