ახალი ამბები

უცხოური მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

28 ოქტომბერი, 2013 • • 1619
უცხოური მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი” სტატიით „საქართველო ირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ რეალური ძალაუფლება მომავალ პრემიერს ექნება“ აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, პრემიერ ივანიშვილის ახლო მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი დიდი უპირატესობით იმარჯვებს. პუბლიკაციაში აღნიშულია, რომ ივანიშვილს, რომლის პირადი ქონება 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, სამოქალაქო სექტორში წასვლა სურს.

 

ავტორების თქმით, ივანიშვილს თავისი შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია და უცნობია, ვის დარჩება ნამდვილი ძალაუფლება. პუბლიკაციაში საუბარია იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრობის ორ სავარაუდო კანდიდატად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანიშვილის ახლო მეგობარი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელდებიან.

 

BBC- “საქართველო არჩვენებით სააკაშვილის მმართველობას ასრულებს“ – ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით პროდასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი მმართველობა სრულდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, სადაც სიღარიბე ყველაზე რთულ პრობლემად რჩება, მიხეილ სააკაშვილმა კორუფცია აღმოფხვრა. თუმცა, პრემიერი ივანიშვილი, რომელიც თანამდებობიდან წასვლას აპირებს და თავისი შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია, სააკაშვილს „მატყუარას“ უწოდებს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს მიუახლოვდა, აქტიური კამპანიითა და კანდიდატთა ფართო არჩევნით ხასიათდება, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იშვიათია.

 

“გარდიანის” პუბლიკაციაში „საქართველო ირჩევს პრეზიდენტს“ ყურადღება ქვეყნის საგარო პოლიტიკაზეა გამახვილებული, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ექნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ პრემიერი ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და საქართველოს „მტრულ მეზობელთან“ სავაჭრო კავშირები აღადგინა, სააკაშვილის წამოწყებულ დასავლურ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

 

“გარდიანი” აღნიშნავს, რომ პრემიერი ივანიშვილი რამდენიმე თვეში გადადგომას აპირებს და მან მალე უნდა დაასახელოს მისი შემცვლელის ვინაობა. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პრეზიდენტ სააშვილისთვის მწარე გადადგომით სრულდება, პრემიერ ივანიშვილის პოზიციას გაამყარებს. „ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, “მცირე პოლიტიკური გამოცდილების მქონე კანდიდატადაა” დასახელებული სტატიაში.

 

სტატიაში „ეგზით პოლი: საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრის მოკავშირე იმარჯვებს“ “როიტერის” ჟურნალისტი წერს, რომ საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როცა ყოფილი ვიცე-პრემიერის გამარჯვების საზეიმოდ „ქართული ოცნების” ოფისში მარგველაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მარგველაშვილის გამარჯვება გაამყარა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის სატელევიზიო მილოცვამ, რომელიც ეგზით პოლის მიხედვით, რიგით მეორეა და 20%-იანი მხარდაჭერა აქვს.

 

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საკაშვილის ხელისუფლებას დაასრულებს, საეჭვოა, რომ გაფანტოს გაურკვევლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან სამომავლო წასვლითაა გამოწვეული. 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო ხელისუფლებაში მოექცევა. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყნაში პრეზიდენტის ძალაუფლება შემცირდა და მთავრობის უფლებები გაიზარდა, ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალია.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი მალე გადადგება დ უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა. ეს ევროპას აღელვებს, რადგან ევროპა რუსეთისთვის ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაზე გამავალი მილსადენებით კასპიის ნავთობსა და გაზს იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი