ახალი ამბები

“ადამიანები ფარდის მიღმა” – ივანიშვილი Freedom House-ის ანგარიშში

11 აპრილი, 2018 • 3391
“ადამიანები ფარდის მიღმა” – ივანიშვილი Freedom House-ის ანგარიშში

Freedom House გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია საქართველოს კრიტიკულად აფასებს და ქვეყანაში არაფორმალურ ძალაუფლებაზე საუბრობს.

ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში მდებარე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგანან, “არ არის გასაკვირი, რომ საქართველო, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და ყირგიზეთის მსგავსად, ნეგატიური მიმართულებით მოძრაობს”.

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ამ ქვეყნებში არაფორმალური ძალაუფლების არსებობას:

“გარდამავალი დემოკრატიის მქონე ბევრ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არც არჩეულ თანამდებობას იკავებენ და არც რაიმე რეალური სტატუსი გააჩნიათ მათ.

არაფორმარული ძალაუფლება  ძირს უთხრის ინსტიტუტებს, რომლებიც პასუხისმგებელია ქვეყნის მართვაზე. ის ანაცვლებს რეალური გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამომრჩევლების, მედიისა და კანონის გვერდის ავლით” – ვკითხულობთ ანგარიშში.

Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ  არაფორმალური ძალაუფლება განსხვავებულ სახეს იღებს. ბევრ ქვეყანაში არიან ძლიერი ბიზნესმაგნატები ან უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები, რომლებსაც აქვთ განუსაზღვრელი გავლენა პოლიტიკაზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერ-მინისტრი დიდ ძალაუფლებას ინარჩუნებს მმართველ პარტიაზე:

“საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წელს, შეინარჩუნა კონტროლი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე”, რომელიც დაკომპლექტებულია მისი კომპანიების მაღალი თანამდებობების პირებისგან. ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორებები და თბილისის განვითარებსთან დაკავშირებული გეგმები ჩრდილავს ქართულ პოლიტიკას” – ვკითხულობთ ანგარიშში.

Freedom House 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა ვერ დასრულდა, რადგანაც ქვეყნის მმართველი ელიტა გაორებულია დემოკრატიის განმტკიცებასა და ძალაუფლებაში დარჩენის სურვილს შორის.

“საქართველოში ხელმძღვანელ პირებს უჭირთ ბალანსის დაცვა დემოკრატიის განმტკიცების წინააღმდეგობრივ მიზნებსა და ძალაუფლების კონსოლიდაციას შორის. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ენთუზიაზმის გარეშე დაწყებული დემოკრატიული რეფორმების მთავარი კურსი ბოლო პერიოდში შეჩერდა. საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა ვერ დასრულდა, რადგანაც ქვეყნის მმართველი ელიტა გაორებულია დემოკრატიის განმტკიცებასა და ძალაუფლებაში დარჩენის სურვილს შორის” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნება ხშირად პარტიულ ინტერესებს დემოკრატიულ რეფორმებზე წინ აყენებდა.  ამის მაგალითებად ორგანიზაცია რუსთავი 2-ის საქმესა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახელებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი