ნუკრი ქანთარია უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სიაზე საუბრობს

“ქართული ოცნების” წევრი  ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკა.

კერძოდ, დეპუტატის თქმით,  სავარაუდოდ, ამ სიაში შედის თავად ნუკრი ქანთარია, ასევე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე.

ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ დღეს, 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად გამოაშიშვლა რაღაც პრობლემები და არა მხოლოდ ის, ბორდში ვინ იქნება. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანია. ამბობდნენ- ოთხი კაცი, ხუთი, მე მგონი, მე ვარ ამ სიაში… 9 აპრლის მემორიალთან გაკეთებული ცოტა ავტორიტარული ნოტებით განცხადება, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო და მე მგონი, რომ ის ამას მიხვდა. ჭიჭინაძე ალბათ უნდა იყოს გუშინდელი გამოსვლების შემდეგ. ალბათ, ვფიქრობ, პაპუაშვილიც უნდა იყოს ამ სიაში, ბექაც არის, ეკა ბესელიაც, გედი – თავისთავად,”- განაცხადა ქანთარიამ.

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპიტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი