მდინარაძე კრიტიკულ დეპუტატებზე: მათთან ვისაუბრებთ და სხვა ღონისძიებაზე შემდეგ ვიფიქრებთ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ისაუბრებენ უმრავლესობის წევრ რამდენიმე დეპუტატთან, რომლებიც, მისივე განცხადებით, არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ.

ეს განცხადება მან 10 აპრილს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებტან საუბრისას გააკეთა.

მისივე განმარტებით, ამ დეპუტატებმა უნდა ისაუბრონ და გაარკვიონ, რა არის ამ ყველაფრის რელური საფუძველი:

“სამი თუ ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომელიც არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიც არის, არასწორი იმ მიმართულებითაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ამ განცხადებებს. აქედან გამომდინარე, რადგან პირველი შემთხვევაა, ჩვენ მაინცდამაინც სანქციებზე პირდაპირ არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან, გავარკვევთ უმრავლესობის და პარტიის ფორმატში და ამის შემდეგ ვიფიქრებთ სხვა ღონისძიებებზე. მათ ექნებათ სასაუბრო, ექნებათ გასარკვევი, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, ამის რეალური საფუძველი რა არის და ასე შემდეგ. მე არ მინდა დავადასტურო დღეს რაიმე სანქციების შესახებ,”- განაცხადა მდინარაძემ.

დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი