დამოუკიდებლობის 100 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება – სამინისტრო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიული ფოტოგამოფენებს მოაწყობენ, გაიმართება საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირებით, საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში გაიმართება. დაგეგმილია წამყვანი ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები ევროპის დედაქალაქებში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე.

საქართველოს 100 წლისთავი გაეროს სათავო ოფისში, ნიუ-იორკში აღინიშნება, სადაც შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება.

იუნესკოს ოფისი ქართველი მუსიკოსის, იუნესკოს მშიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ ბასიანის ერთობლივ კონცერტს უნასპინძლებს. სტრასბურგიში კი 26 მაისს ევროპის საბჭოში გაიმართება ქართველი მეცნიერის, მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიხეილ მუსხელი სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმ მეციერებს შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მისი მოღვაწეობის შესახებ დღემდე მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მიხეილ მუსხელის სამეცნიერო ნაშრომები, პირადი არქივები, საფლავი სტარსბურგში მოიძიეს.

ივნისში ლევილის ქართულ მამულში გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.

საზღვარგარეთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოების ჩართულობით იგეგმება 100-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება. 26 მაისს თბილისში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ისტორიული დიასპორის შთამომავლები დაესწრებიან, დაგეგმილია მათი მონაწილეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში, ასევე, შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლებთან.

27 მაისს აღინიშნება დიასპორის დღე, რომლის ფარგლებშიც 27-28 მაისს გაიმართება დიასპორის ფორუმი, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს ეწვევა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 300-მდე დიაპორის წარმომადგენელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ 26 მაისამდე პერიოდში თბილისში საჯარო ლექციები, ისტორიული მასალების ფოტოგამოფენები და ღია კარის დღეები დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამართოს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებით ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ამ პერიოდის საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესის ამაღლებას და შესწავლას, დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის თემაზე ესეის კონკურსის გამოცხადება.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესვე, დაარსდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და უწყებაც 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

სამინისტროს განზრახული აქვს დიპლომატიური მუზეუმის შექმნა, 26 მაისს კი საზოგადოებას წარუდგენს საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან საინტერესო ექსპონატებს.

ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები, უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებით განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირშესანიშნაობები, იგეგმება საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com