ახალი ამბები

ნიგერიელი სტუდენტი ერთობლივი მატჩის შესახებ კალაძის იდეას მიესალმება

11 აპრილი, 2018 • 3594
ნიგერიელი სტუდენტი ერთობლივი მატჩის შესახებ კალაძის იდეას მიესალმება

ნიგერიელი სტუდენტი სამუელ ალავოდი რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ამბობს, რომ მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის იდეას, რომ გაიმართოს ერთობლივი მატჩი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან.

“ნიგერიელები ძალიან გახსნილი ხალხი ვართ, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი. ამიტომ ჩვენ ამ შეხვედრას ველოდებით. ძალიან მოხარული ვართ, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. ამან შეიძლება ერთობა და მშვიდობა მოიტანოს ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის, ამიტომ,  ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა,”- განაცხადა მან.

მანვე. გადაცემაში განაცხადა, რომ ჩხუბი რასისტულ ნიადაგზე, მათი კანის ფერის გამო მოხდა.

[red_box]თავდასხმის ვიდეო[/red_box]

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

წაიკითხეთ, რას ჰყვება კიდევ ერთი სტუდენტი ნეტგაზეთთან საუბრისას:

რას ჰყვება ნიგერიელი სტუდენტი, რომელსაც სტადიონზე თავს დაესხნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი