ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენ შევძელით თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება

27 ოქტომბერი, 2013 • • 1674
უსუფაშვილი: ჩვენ შევძელით თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება

ამის შესახებ დავით უსუფასვილმა “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“ამ წუთისთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველოში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ეს იყო მთავარი ამოცანა, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა ამ არჩევნებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, ყოველი მთავრობის, ყოველი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალების მიცემა. ეს არის პირველადი ამოცანა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მეორე, პოლიტიკური ამოცანა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ჩვენს კანდიდატს მიეღო მოქალაქეთა ის ნდობა, ის მხარდაჭერა, რაც იქნებოდა მისი გამარჯვების საწინდარი.”

 

უსუფაშვილის განცხადებით, ორივე შედეგი მიღწეულია:”ამიტომ ამ წუთისთვის ჩვენ ვართ ორმაგად კმაყოფილნი, რომ ორივე ეს შედეგი მიღწეულია. წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების პროცესი ამ დრომდე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით, არის ევროპული სტანდარტების. სწორედ ისეთი, როგორიც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას, დემოკრატიულ ქვეყანას, დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ერი გავთავისუფლდით და უნდა გავთავისუფლდეთ იმ არასრულფასოვნების კომპლექსისგან, რომელსაც ყველა წინა ხელისუფლება გვინერგავდა. თითქოს შეუძლებელია ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ერთამენთი არ მოვატყუოთ, არ ვცემოთ, ერთმანეთი არ დავასახიჩროთ და ა.შ. ეს არის ნომერ პირველი შედეგი დღევანდელი დღის. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი თავისი სიტყვის ერთგული იქნება 5 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ერთი ან ორი დღით, და ის იქნება ყველას პრეზიდენტი. მათიც, ვისაც მისთვის ხმა არ მიუცია. იმიტომ, რომ ადამიანის უფლებებს კონსტიტუცია იცავს თანაბრად, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეხედულება აქვთ მათ. დანარჩენი კანდიდატების მონაწილეობა იყო სრულიად მნიშვნელოვანი და აუცილებელი კონკურენციისთვის. დაველოდები ცსკოს შედეგებს, ისევე, როგროც საბოლოოდ ჩვენი კანდიდატის გამარჯვების პროცენტულ მაჩვენებელზე ვიმსჯელებ მას შემდეგ, რაც პროცენტული მაჩვენებელი დაიდება და შეჯამდება.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი