შსს: ვეძისში 5 პირი დაჭრეს

თბილისში, ვეძისის დასახლებაში ოთხი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, დაჭრილთაგან ერთ-ერთს, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაცია უტარდება.
შსს-ს მონაცემებით, დაჭრილები არიან 1993, 1996 და 1998 წლებში დაბადებული პირები. “რუსთავი2”-ის ცნობით კი, დაჭრილებს შორის მორაგბე ლაშა საჯაიაა.
საგამოძიებო მოქმედებებისას პოლიციამ, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები ამოიღო, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-109-ე( დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე( ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან