ახალი ამბები

ცოლის დაჭრისთვის მსჯავრდებულს სააპელაციომ პატიმრობა გაუხანგრძლივა

10 აპრილი, 2018 • 2046
ცოლის დაჭრისთვის მსჯავრდებულს სააპელაციომ პატიმრობა გაუხანგრძლივა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ კაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 12 აპრილს ქალაქ თელავში მსჯავრდებულმა ცოლს დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ქალის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცავებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგ კი თელავის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული განზრახ მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის ვადა 16 წლამდე გაუხანგრძლივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი