ახალი ამბები

გამოძიება დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთადაც მუშაობს – შსს ბელიაშვილის ინციდენტზე

10 აპრილი, 2018 • 2168
გამოძიება დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთადაც მუშაობს – შსს ბელიაშვილის ინციდენტზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც მუშაობს.

შსს-ს განცხადებით, კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექნება სრული სურათი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს, რომელიც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. ასევე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების ცნობით, მომხდარი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე – ყველა სიახლე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

[red_box]თავდასხმის ვიდეო[/red_box]

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი