ახალი ამბები

სააკაშვილი: ყველანაირი უკანდახევა არის დროებითი

27 ოქტომბერი, 2013 • • 1050
სააკაშვილი: ყველანაირი უკანდახევა არის დროებითი

“ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი არჩევნების შედეგებს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ ეთანხმებიან დღევანდელი არჩევნების შედეგებს:

 

“მე მინდა ვუთხრა ყველას – ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკანდახევა არის დროებითი, საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი, ჩვენ გადავლახავთ სიძნელეებს და გავაგრძელევთ სვლას უკეთესი მომავლისკენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს საქართველოში საპრეზიდეტო არჩევნები შედგა:

 

“საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მე მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, ვინაიდან ყველა არჩევნები ემსახურება დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ამომრჩეველმა თქვა თავისი სიტყვა. ჩვენ უნდა ყველამ პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს იმიტომ, რომ უმრავლესობა წყვეტს ასეთ საკითხებს დემოკრატიაში. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას.

 

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში იმედგაცრუებულიც არის, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ უმცირესობის აზრსაც… ბევრად დაბალი გამოცხადება იყო ამ არჩევნებზე და ესეც სიგნალია, რომ მუდმივი დიალოგის წარმოებაა საჭირო ჩვენს ხალხთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთ წელიწადში განვითარებული მოვლენები და შედეგები სერიოზულ უკანდახევას წარმოადგენს საქართველოსთვის, მისი სამომავლო პერსპექტივისთვის:

 

“მაგრამ, ამავე დროს, ღრმად ვარ დარმწუნებული, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ და ფეხს ვერ მოიკიდებენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი