ახალი ამბები

დავით ბეჟუაშვილი: უბედურმა შემთხვევამ ჩვენს საერთო ოჯახს ექვსი საუკეთესო შვილი გამოაცალა

10 აპრილი, 2018 • 3989
დავით ბეჟუაშვილი: უბედურმა შემთხვევამ ჩვენს საერთო ოჯახს ექვსი საუკეთესო შვილი გამოაცალა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბეჟუაშვილმა ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

“დიდი ტრაგედიაა დღეს ტყიბულში, ამ უბედურმა შემთხვევამ ჩვენს საერთო ოჯახს გამოაცალა ექვსი საუკეთესო შვილი. დიდი ტრაგედიაა ჩვენი კოლექტივისთვის, ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის”,- განაცხადა დავით ბეჟუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

დღეს, 10 აპრილს ტყიბულში 5 აპრილს დაღუპულ მეშახტეებს კრძალავენ. გუშინ კი ტყიბულის ცენტრში გლოვის ღამე გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ყვავილები და სანთლები მიიტანეს, რითიც პატივი მიაგეს ექვსი დაღუპული მეშახტის ხსოვნას.

საქართველო 6 მეშახტეს გლოვობს

პავლე გამეზარდაშვილი, 25 წლის – ახალგაზრდა მეშახტე საქნახშირის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მამამისი, გურამ გამეზარდაშვილიც 2010 წელს მძიმედ დაშავდა შახტში; მას ახლა მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება. 17 წლის პავლე, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და შახტში დაიწყო მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. პავლეს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე მეშახტეები არიან.

გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. ბესიკ რაფავა, თავის დისშვილთან, ირაკლისთან ერთად იყო შახტში. მას დედა, ცოლი, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. რაფავები წუხდნენ, რომ ქელეხისთვის დარბაზის შოვნა უჭირთ, რადგან ტყიბულში დიდი დარბაზები ყველა დაკავებულია – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა ერთდროულად დაიღუპა.

ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის – მის ცხედარს ოჯახი სოფელ მუხურში ელოდება. ელგუჯა ბოჭორიშვილს ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა. მეზობელმა გვითხრა, რომ ელგუჯას სახლი ტყიბულშიც აქვს, შახტის სიახლოვეს, თუმცა ოჯახი მის სოფელში აპირებს მიცვალებულის დაკრძალვას. მეზობლის, ზურაბ ბუაძის თქმით, შვიდი წელია ელგუჯას იცნობს და იმ პერიოდიდანვე შახტში მუშაობდა.

მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის, შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე ჯერ 1,2 წლისაც არ გამხდარა. მირზას მამა, ჟილინა ქურციკიძე ასევე მინდელის შახტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

გიორგი ბოჭორიშვილი, 28 წლის – დაახლოებით 10 წელი მუშაობდა შახტში. გიორგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. მას ცოლი და სამი პატარა შვილი დარჩა.

ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის წლების განმავლობაში მუშაობდა მინდელის შახტში. ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ დილით შეატყობინეს.

რა მოხდა მინდელის შახტში
  • 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
  • შსს-მ გამოძიება,  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

  • 2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
  • ამავე დღეს  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
  • 2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა
ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი). 2017 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი