ახალი ამბები

“გეოგრაფიული ექსპანსია” – რუსული სახელმწიფო კომპანია ქართულ ტელებაზარზე შემოდის

10 აპრილი, 2018 • 10354
“გეოგრაფიული ექსპანსია” – რუსული სახელმწიფო კომპანია ქართულ ტელებაზარზე შემოდის

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის.

“გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს” – აცხადებს რუსული ტელეოპერატორის გენერალური დირექტორი მიხაილ დიომინი. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი, უფრო მეტიც, ქართულ ბაზარზე შემოსვლას კომპანიის “სოციალური მისიით” ხსნის.

“ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”. “გაზპრომ–მედიის” გენერალური დირექტორი დმიტრი შერნიშენკო ამბობს, რომ ქართულ კომპანია “მედია ჯგუფთან”, რომელიც “ენ ტე ვე-ს” კუთვნილი 20-ზე მეტი არხის რეტრანსლირებას ახდენს, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.

ქართული “მედია ჯგუფი” 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ “ენ ტე ვე პლუსმა”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წელის 12 სექტემბერს) და მიიღო ავტორიზაცია. მარეგულირებლის განცხადებით, პროცედურულად, დაინტერესებული პირი ავსებს განაცხადს და თუ კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარმოადგენს, ავტომატურად იღებს ავტორიზაციას.

“რაც შეეხება “ენ ტე ვე პლუსის” საქართველოში შემოსვლის საკითხს, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, იმისთვის, რომ  კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, მხოლოდ ავტორიზაციის გავლა საკმარისი არ არის და ამისთვის მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა  კი წარმოადგინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში”, – აცხადებს მარეგულირებელი კომისია.

რას სთავაზობს რუსეთის სახელისუფლებო ტელეოპერატორი ქართველ მაყურებელს

“ენ ტე ვე პლუსის” ინფორმაციით, ისინი ქართველ მომხმარებლებს მომსახურების ორ პაკეტს შესთავაზებენ. პაკეტები გასართობ, შემეცნებით, ინფორმაციასა და სპორტულ არხებს მოიცავს. კომპანია ქართულ ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს.

“ენ ტე ვე პლუსი” მაყურებელს ფასიან სატელიტურ სატელევიზიო მომსახურებას სთავაზობს და მის პაკეტებში, ჯამში, 290-მდე ტელეარხია. კომპანიის განცხადებით, მას რუსეთის ქალაქებში 3 მილიონი აბონენტი ჰყავს.

საერთაშორისო საინფორმაციო, გასართობი და შემეცნებითი არხების გარდა, “ენ ტე ვე პლუსი” გაჯერებულია რუსული პროპაგანდისტული ტელეარხებით.

“ენტევე პლუსი” 1990-იან წლებში დაფუძნებულია ჰოლდინგ “მედია მოსტის” მიერ. სწორედ ამ ჰოლდინგის მფლობელობაშია რუსული ტელეარხი “ენ ტე ვე”.

“ენ ტე ვე” 1993 წელს დაფუძნდა და პოპულარობის პიკს 1999 წელს მიაღწია, როცა მისი მაყურებლის რაოდენობა 102 მილიონს მიუახლოვდა. ის იყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხი, რომელიც აკრიტიკებდა როგორც ჩეჩნეთის მეორე ომს, ისე – ვლადიმერ პუტინს მისი პირველი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისას. 2000 წელს ტელეკომპანიაში რუსეთის უშიშროების სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლები შევიდნენ, დააპატიმრეს “მედია მოსტის” მფლობელი.

საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელ ტელეარხზე კონტროლი 2001 წელს მოიპოვა. სწორედ ამ დროიდან ჰოლდინგი “მედია მოსტი”, მასში შემავალი ტელეარხებით, “გაზპრომ მედიის” ხელში გადავიდა. თავის მხრივ, “გაზპრომ მედია” რუსული სახელმწიფო კომპანიაა. ამ ცვლილების მერე ტელეარხი იქ მომუშავე ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი