ახალი ამბებიეკონომიკარეკლამა

ქუმსიშვილმა დუბაის ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

10 აპრილი, 2018 • 1588
ქუმსიშვილმა დუბაის ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორების წინაშე ვრცელი მოხსენება გააკეთა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის დინამიკაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საინვესტიციო პროექტებზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, უძრავ ქონებასა და ტურიზმის ინდუსტრიაში.

ეკონომიკის მინისტრმა მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. აგრეთვე მოქმედ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის საფუძველსაც მთავრობის ეკონომიკური პროგრამა წარმოადგენს.

მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს რეინვესტირებისა და ახალი სამუშაო სამუშაო ადგილების შექმნას შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორთა მხრიდან ასევე გამოითქვა დაინტერესება იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მიმართ, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან.

ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო ვითარება ტურიზმის სფეროში, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავლის გენერირება შეძლო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მაღალ პოზიციებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მე-9 ადგილზე მსოფლიო ბანკის „Easy Doing Business 2018“, მე-16 ადგილზე „ჰერითიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში და ა.შ.

პირველი ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც დუბაის ფორუმსა და გამოფენაზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მონაწილეობენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საამიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, რომლის დროსაც საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი