გია ნოდია

იდეოლოგიური ჭიდილი და კობახიძის ფაქტორი – გია ნოდია “ოცნებაში” დაპირისპირებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტოლოგი გია ნოდია აფასებს. მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე შესაძლო დაპირისპირება რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. მათ შორისაა იდეოლოგიური განსხვავებები და ირაკლი კობახიძის ფაქტორი.

გია ნოდიას განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” არაერთი მეტად კონსერვატიული შეხედულებების მქონე დეპუტატია, რომელთათვისაც კაკაბაძის კანდიდატურა პრინციპულად მიუღებელია. თუმცა ამ მხრივ მმართველ გუნდში განსხვავებები აქამდეც შეიმჩნეოდა.

“ნებისმიერ პარტიაში არის ალბათ განხეთქილებები, წინააღმდეგობები.  ჩანს, რომ მსგავსი წინააღმდეგობები აქამდეც იყო. “ქართული ოცნებაში” არიან ძალიან კონსერვატიულად განწყობილი დეპუტატები და “ნაციონალურ მოძრაობას” თავის დროზე სწორედ ამ მიზნით უპირისპირდებოდნენ, როგორც, ასე ვთქვათ, უცხოელებზე გაყიდულ ხელისუფლებას. ისინი სწორედ ამ მიზნით შევიდნენ “ქართულ ოცნებაში”. და თუ მმართველი პარტია ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს და ისეთ შეხედულებებს უჭერს მხარს, რომლებიც, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, სოროსისტულია, მაშინ მათთვის აღარაა მისაღები “ქართული ოცნება”. ვინ ბედავს, ხმამაღლა დაუპირისპირდეს ამის გამო პარტიის ხელმძღვანელობას, რომელსაც ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე განასახიერებს, ეს უკვე სხვა საკითხია”, – განუცხადა გია ნოდიამ “ნეტგაზეთს”.

პოლიტოლოგის აზრით, მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ირაკლი კობახიძის მიმართ უარყოფითი შეხედულებებიც, რომელმაც მაღალი თანამდებობა პარტიაში შესვლიდან მალევე მიიღო:

“ირაკლი კობახიძე შედარებით გვიან გახდა “ქართული ოცნების” სახე  და ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მას მიანიჭა უპირატესობა; ცხადია, მისი მხარდაჭერით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. შეიძლება, უფრო სტაჟიან მეოცნებეებს ამის გამო ერთგვარი ეჭვიანობა აწუხებთ. ეს შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძის მისამართით, ან სხვათა მისამართით, რომლებიც გვიან შეუერთდნენ ქართულ ოცნებას და მათი [პარტიის წევრთა ნაწილის] აზრით, ზედმეტად გავლენიანები არიან”.

გია ნოდია აღნიშნავს, რომ უმრავლესობის რიგების მკვეთრ შემცირებას არ ელის, თუმცა არც გამორიცხავს, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად, სხვა დეპუტატებსაც “უმტყუნოს ნერვებმა”. პოლიტოლოგის აზრით, პროცესის შემაკავებელი მთავარი ფიგურა კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილია.

“ქართულ ოცნებიდან”, როგორც ფრაქციიდან, გასვლა ნიშნავს იმ პრივილეგიების დაკარგვას, რაც მმართველი პარტიის წევრობას გულისხმობს. შესაბამისად, ეს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია. მმართველი კოალიციები ასე მარტივად არ იშლება, თუ სერიოზული მიზეზი არ არსებობს. ჯერჯერობით ასეთი მიზეზი არ ჩანს. შეიძლება, პიროვნულად ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს, როგორც ფოფხაძის შემთხვევაში იყო. თუმცა რთულია საუბარი იმაზე, რომ შეიძლება, ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრი გაჩნდეს, რადგან მაშინ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის ძალაუფლებას გადაწონის.

ბიძინა ივანიშვილსი ავტორიტეტი და გავლენა არის მთავარი მარეგულირებელი ფაქტორი. ეს თუ ვერ დაარეგულირებს, მაშინ სხვა ვერაფერი დაარეგულირებს”, – აღნიშნა ნოდიამ.


  • გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს ნინია კაკაბაძის გამო.  
  • გედევან ფოფხაძის განცხადებას თან მოჰყვა რამდენიმე პარლამენტარის ბოდიში, რომელთაც ჯერ ხმა მისცეს ნინია კაკაბაძეს, შემდგომ კი პატიება ითხოვეს, მათ შორის არიან მარიამ ჯაში და თამაზ ნავერიანი. 
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი2”-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილებით გედი ფოფხაძემ მმართველ გუნდს შეურაცხყოფა მიაყენა, თანაც რელიგიური სპეკულაციის ფონზე. მისივე თქმით, საჯარო განცხადების გაკეთებისას შეცდომა “ქართული ოცნების” სხვა  რამდენიმე დეპუტატმაც დაუშვა.
  • კობახიძის ზემოაღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ შეაფასა და პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკას “ყოვლად მიუღებელი” უწოდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან