ახალი ამბები

შესაძლო ქიმიური შეტევა სირიაში – ცნობები მოკლედ

10 აპრილი, 2018 • 3145
შესაძლო ქიმიური შეტევა სირიაში – ცნობები მოკლედ

სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას ანკლავის ქალაქ დუმაში მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  და სხვა გამოცემები ადგილობრივ ექიმებსა და მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სირიაში მოქმედი მოხალისეთა გაერთიანება “თეთრი ჩაფხუტები”, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის გამოყენებაში ასადის მთავრობას ადანაშაულებს. იგივე ბრალდება გაახმიანა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც 9 აპრილს აღნიშნა, რომ აშშ აღნიშნულს 48 საათში უპასუხებს.

რა ვიცით სირიაში მომხდარ შესაძლო ქიმიურ თავდასხმაზე? “ნეტგაზეთი” მომხდარზე ძირითად ცნობებს წარმოგიდგენთ:

რა მოხდა აღმოსავლეთ ღუტაში? – ცნობები შესაძლო თავდასხმაზე

პირველი ცნობები აღმოსავლეთ ღუტაში, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ დუმაში მომხდარ შესაძლო ქიმიურ თავდასხმაზე სირიაში მოქმედმა მოხალისეთა გაერთიანებამ, “თეთრმა ჩაფხუტებმა” გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, სახელისუფლებლო ძალებმა ბარელის ბომბი ვერტმფრენიდან გადმოაგდეს.

“შაბათს, 7 აპრილს, 20:22-ზე ვეტმფრენიდან ბარელის ბომბი, რომელიც ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა, დუმაში, აღოსავლეთ ღუტაში ჩამოაგდეს. 40 ადამიანი, მეტწილად ქალები და ბავშვები, დაიღუპნენ, ასობით ადამიანს კი სამედიცინო ცენტრებში უწევენ დახმარებას”, – დაწერა ორგანიზაციამ.

მალევე სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. ერთ-ერთი ვიდეო, რომლის ავთენტურობა დაუდასტურებელია, ადგილობრივ აქტივისტებს ეკუთვნით.

*მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.

კიდევ ერთი განცხადება შესაძლო ქიმიური თავდასხმის შესახებ “დანაშაულთა დოკუმენტირების ცენტრის” აქტივისტებმა გაავრცელეს, რომლებიც სირიაში ჩადენილ ომის დანაშაულებს აღწერენ. მათი ცნობით, 7 აპრილს დუმაში ორი ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ქიმიური გაზის შემცველი პირველი ბარელის ბომბი დუმაში ადგილობრივი დროით 16:00-ზე მოხდა, მეორე კი- 19:30-ზე.

სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოების ცნობით,  7 აპრილის საღამოს დაახლოებით 500 ადამიანი – მეტწილად ქალები და ბავშვები – ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც ქიმიური ნივთიერებების კვალზე მიუთითებდა. მათ შორის იყო სასუნთქი გზების აშლილობა, ქაფის დენა პირიდან და ქლორის მსგავსი სუნი.

შესაძლო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი ბავშვები. სირია, დუმა. ფოტო: EMAD ALDIN/EPA

შესაძლო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი ბავშვები. სირია, დუმა. ფოტო: EMAD ALDIN/EPA

ამ დრომდე დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. “წითელი ჯვრის” განცხადებით, მსგავსი შემთხვევის დადასტურება შეუძლებელია, სანამ ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარდება. თუმცა ადგილზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მარტის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ღუტაში შესვლა შეუძლებელია.

რას ამბობენ ასადის მთავრობა და მისი მოკავშირეები?

წინა შემთხვევების მსგავსად, ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება ამბოხებულთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს.

გაეროში სირიის წარმომადგენელმა ბაშარ ალ ჯაფარიმ ორშაბათს, ორგანიზაციის საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, რომ გაეროს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო იტყუება და ასე ცდილობს სირიის წინააღმდეგ აგრესიის საფუძველი შექმნას.

სირიის სახელმწიფო სააგენტო “სანა” ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უწყებამ უკვე გაუგზავნა მოწვევა “ორგანიზაციას ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის”, რათა მსგავსი ტიპის იარაღის შესაძლო გამოყენება ადგილზე გამოიძიოს.

“ყოველ ჯერზე, როცა სირიის არმია წარმატებას აღწევს ტერორისტებთან ბრძოლაში, ბრალდებები ქიმიური იარაღით თავდასხმაზე გამოიყენება იმისთვის, რომ დუმაში ტერორისტებს არსებობის ვადა გაუგრძელონ”, – უთხრა გამოცემას წყარომ და აშშ დაადანაშაულა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაში.

ქიმიურ თავდასხმას დადგმული უწოდა რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო სპეციალისტებმა, რომლებიც ადგილზე მიავლინეს, ქიმიური იარაღის გამოყენების ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.

“ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ქიმიური ნივთიერების კვალი, ვერც მისი გამოყენების შედეგად გარდაცვლილები, ვერც მოწამლული ადამიანები საავადმყოფოებში. ექიმებმა უარყვეს, რომ ადამიანებმა მათ ქიმიური ნივთიერებით მოწამლვით მიაკითხეს”, – აღნიშნა მან.

საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ, რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “სირიელი ბავშვების სისხლი” მის ხელებზეა.

გაეროს სხდომა, შესაძლო თავდასხმის განსახილველად, სპეციალურად მოიწვიეს წევრ სახელმწიფოთა ნაწილის მოთხოვნით.

როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია?

შესაძლო ქიმიურ თავდასხმას საერთაშორისო საზოგადოებიდან ყველაზე მწვავედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. როგორც 9 აპრილს მან ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმის საპასუხო ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილებას აშშ მომდევნო 24-48 საათში მიიღებდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სამხედრო ქმედება, ტრამპმა აღნიშნა, რომ “გამორიცხული არაფერია”.

მანამდე კი,”ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მან სირიის პრეზიდენტს ცხოველი უწოდა და დაიმუქრა, რომ ასადს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს.

მანამდე ტრამპმა კონსულტაციები ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთანაც გაიარა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირიაში ქიმიური იარაღი მართლაც გამოიყენეს და მომხდარზე პასუხისმგებელ მხარეთა გამოკვეთის გზებზეც იმსჯელეს.

“მათ გაცვალეს ინფორმაცია და ანალიზი, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას ადასტურებს”, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

“რეჟიმმა და მისმა მხარდამჭერებმა, მათ შორის რუსეთმა, პასუხი უნდა აგონ”, – ასე გამოეხმაურა შესაძლო ქიმიურ შეტევას ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი. მან მომხდარს “ბარბაროსული” ქმედება უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ასადის რეჟიმის ძალადობრიობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ქიმიური იარაღი სირიის სამოქალაქო ომში

მოცემულ შემთხვევამდე, სირიის სამოქალაქო ომის შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე, ორჯერ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სახელისუფლებო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

პირველად ქიმიური იარაღის შემცველი რაკეტები 2013 წელს ამბოხებულთა კონტროლირებად აღმოსავლეთ და დასავლეთ ღუტაში გაისროლეს. ჰაერის ექსპერტებმა თავდასხმა დაადასტურეს, თუმცა პასუხისმგებელი მხარე არ გამოვლენილა.

საერთაშორისო საზოგადეობის მწვავე რეაქციის ფონზე, ასადის მთავრობა ქვეყანაში არსებული ქიმიური არსენალის განადგურებას დათანხმდა.

მარაგის სრული განადგურების საკითხი ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როცა გასული წლის აპრილში ასადის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებაში კვლავ დაადანაშაულეს. მაშინ გაეროს სპეციალისტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი ასადის მთავრობა იყო.

ღუტა პატარა ქალაქებისა და დასახლებების ერთობაა დამასკოს ირგვლივ, რომლის ნაწილიც, მათ შორის, ქალაქი დუმა, ამბოხებულთა ერთ-ერთ ბოლო დასაყრდენად მიიჩნევა. ტერიტორიაზე რიგი დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ხედვებით, მათ შორის რადიკალური ისლამითაც არიან წარმოდგენილი, რის გამოც პერიოდულად ერთმანეთს უპირისპირდებიან. თებერვლის შემდეგ სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს 1700 ადამიანი შეეწირა, 130 000-მა სირიელმა კი აღმოსავლეთ ღუტა მთავრობასა და ამბოხებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ევაკუაციისას დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი