ახალი ამბები

ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი: კალაძის მიდგომა დისკრიმინაციულ დანაშაულებს ახალისებს

10 აპრილი, 2018 • 8830
ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი: კალაძის მიდგომა დისკრიმინაციულ დანაშაულებს ახალისებს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი, შოთა თუთბერიძე, რომელიც ნიგერიელ სტუდენტებს იცავს, ნეტგაზეთთან კალაძის დღევანდელ ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, მერის განცხადება, როგორც მინიმუმ, არასერიოზულია და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულებს ახალისებს.

საქმე ეხება კალაძის ინიციატივას ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებ. კალაძემ შერიგების მატჩის ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა იმ სტადიონზე, სადაც 8 აპრილს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აფრიკელი სტუდენტები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიეყენების შემდეგ სტადიონიდან გააძევეს/

“მე არ მგონია, რომ ეგ ინიციატივა საერთოდ სერიოზული არის. არასერიოზული განცხადებაა, რომელიც აცდენილია რეალობას იმიტომ, რომ ამხანაგური მატჩი გაიმართება თუ არა, ამ შემთხვევაში არარელევანტურია იმიტომ, რომ მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ,” – განმარტავს შოთა თუთბერიძე.

მისივე თქმით, იმის ფონზე, როცა დამნაშავეები არ დასჯილან, მერის მხრიდან ასეთი განცხადებები დისკრიმინაციულ დანაშაულს ახალისებს.

“როცა მერი ამ ამბის შემორიგებისკენ, დაწყნარებისკენ და დავიწყებისკენ მოუწოდებს იმ მოტივით, რომ თურმე ჩხუბები ყველგან ხდება, ასეთი მიდგომა სწორედაც რომ ამართლებს ადგილობრივების საქციელს. ეს მიდგომა ახალისებს ამ ტიპის დანაშაულებს და არ შეიძლება რაიმე სახის ლეგიტიმაციას ემსახურებოდეს,” – უთხრა შოთა თუთბერიძემ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, ამხანაგურ მატჩზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც თავმდამსხმელებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებათ.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე – ყველა სიახლე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

[red_box]თავდასხმის ვიდეო[/red_box]

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. უკვე დაიკითხა ინციდენტში მონაწილე პირების და თვითმხილველთა ნაწილი, თუმცა არავინ დაუკავებიათ. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი