ახალი ამბები

კალაძე ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის მატჩში თავადაც მიიღებს მონაწილეობას

10 აპრილი, 2018 • 3294
კალაძე ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის მატჩში თავადაც მიიღებს მონაწილეობას

თუ გაიმართება ამხანაგური მატჩი ნიგერიელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის, მასში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დედაქლაქის მერიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

ინიციატივა ამხანაგური საფეხბურთო მატჩის გამართვის შესახებ თბილისის მერმა დღეს გაახმიანა.  კალაძემ მატჩის ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა იმ სტადიონზე, სადაც გუშინ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აფრიკელი სტუდენტები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხმყოფის მიეყენების შემდეგ სტადიონიდან გააძევეს.

“მინდა შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე, მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ის ცუდი ამბავი დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე – ყველა სიახლე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

[red_box]თავდასხმის ვიდეო[/red_box]

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. უკვე დაიკითხა ინციდენტში მონაწილე პირების და თვითმხილველთა ნაწილი, თუმცა არავინ დაუკავებიათ. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი