ახალი ამბები

იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

10 აპრილი, 2018 • 1548
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერსი” ავრცელებს.

ექიმების შეფასებით,  სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომაროებაც აღარაა კრიტიკული და ის უმჯობესდება. იულია სკრიპალის მამა, სერგეი სკრიპალი რუსეთის  დაზვერვის ყოფილი ოფიცერია. მამა-შვილი 4 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში მოწამლეს.

ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი