საია შავკანიანი სტუდენტების დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დიღმომში აგრესიული კაცების ჯგუფის მიერ ნაცემი შავკანიანი სტუდენტების ინტერესების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს. საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პოლიციამ უნდა იმუშაოს შესაძლო რასობრივი დისკრიმინაციის დასადგენად.

გიორგი გოცირიძის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულების და მოწმეების დაკითხვა, რადგან რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის დადგენა ხდება იმ ტერმინოლოგიით, რაც თავდასხმის მომენტში თავდამსხმელების მხრიდან წარმოითქვა.

“როგორც სატელევიზიო კომენტარებიდან ვიგებთ, თავდამსხმელები შავკანიანი სტუდენტებისგან მოითხოვდნენ ქვეყნის დატოვებას. თავისთავად, ეს შეიძლება მიუთითებდეს რასობრივი სიძულვილის მოტივზე. შესაბამისად, ამის გამო შეიძლება ამ განცხადებებმა და დაზარალებულების გამოკითხვებმა აუცილებლად გავლენა იქონიოს გამოძიების სამართლებრივ კვალიფიკაციაზე. ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში რასობრივი დისკრიმინაციის დანაშაული და, ვფიქრობთ, სამართალდამცველებმა უნდა იმუშაონ იმის დასადგენად, ხომ არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ამ კონკრეტულ ქმედებაში, რასაც ადგილი ჰქონდა,” – ამბობს საიას იურისტი.

  • პოლიცია შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. სტუდენტები კი აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ. პოლიციას გამოძიება კვლავაც დაუწყია სისხლის სამართლის კოდექსის 142​1 მუხლით, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ეხება.

ის, რომ თავდასხმას წინ უძღოდა უთანხმოება მუნიციპალური სტადიონის გამოყენებასთან დაკავშირებით, გიორგი გოცირიძის განცხადებით, არ გამორიცხავს რასობრივი სიძულვილის მოტივს. მისი თქმით, პირიქით – სწორედ ეს შეიძლება მიუთითებდეს რასობრივი სიძულვილის მოტივზე:

გიორგი გოცირიძე. საიას იურისტი

“ვუსმინე ერთ-ერთი ადგილობრივის სატელევიზიო კომენტარს, რომელიც ამბობდა, რომ ძალიან დიდხანს თამაშობდნენ ეს ადამიანები და სთხოვა, რომ შეეწყვიტათ თამაში და სტადიონი ბავშვებისთვის დაეთმოთ, რაც არ გამორიცხავს რასობრივი სიძულვილის მოტივს. შეიძლება ეს ფაქტიც კი მიუთითებდეს სიძულვილის მოტივზე, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სტადიონზე მყოფი ახალგაზრდები იყვნენ შავკანიანები და არ უნდა ჰქონოდათ “არაგონივრულად დიდი დროის” განმავლობაში თამაშის შესაძლებლობა. კომენტარები, რომლებიც იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა გააკეთეს, რასობრივი სიძულვილის არსებობას არანაირად გამორიცხავენ.”

საიას იურისტის განცხადებით, დისკრიმინაციის პრობლემაა, როდესაც შავკანიანებს ან უცხოელებს არ აქვთ ან ეზღუდებათ მუნიციპალური სტადიონის გამოყენების შესაძლებლობა. მისი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშეც რომ არ მიეცათ შავკანიანი ახალგაზრდებისთვის სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა, ისიც დისკრიმინაცია იქნებოდა.

“როდესაც საზოგადოებრივი სიკეთის სერვისი ადამიანს ეზღუდება მისი რასის გამო, ეს მიუთითებს რასობრივ დისკრიმინაციაზე. კი, შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო პრობლემა, მაგრამ ამის უკან თუ რასობრივი სიძულვილია, ეს სწორედაც რომ რასობრივ დისკრიმინაციაზე მიუთითებს. ეს გარემოება სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება, ამ კადრების გარდა, უნდა დაინტერესდეს მოწმეთა ჩვენებებით და იმით, თუ რა ლექსიკის გამოყენება უძღოდა წინ ამ თავდასხმას,” – ამბობს გიორგი გოცირიძე.

რასიზმი – დიდი ბოროტება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ამბობს, რომ რასობრივი ხასიათის თავდასხმები ხდება ყველგან, მათ შორის, დემოკრატიულ ქვეყნებშიც, ხოლო რასიზმის 0%-მდე აღმოფხვრა არის შეუძლებელი:

“რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაშიც შეიძლება არსებობდნენ რასისტულად განწყობილი ჯგუფები, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რას აკეთბს და როგორია სახელმწიფოს რეაგირება. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დაველოდოთ სახელმწიფოს რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების მოლოდინი უნდა იყოს ის, რომ გატარდება ადეკვატური ღონისძიებები რასობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.”

გიორგი გოცირიზის თქმით, მეორე სერიოზული პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულება და ხშირად შემწყნარებლობაც კი რასობრივი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით. იურისტის განცხადებით, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, თუ ზოგადად რას ნიშნავს და რა ბოროტებას წარმოადგენს რასიზმი.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე – ყველა სიახლე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

თავდასხმის ვიდეო

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.