ილია II: მასმედია ხშირად ახალისებს აგრესიას, უზნეობას, ნარკომანიას და აზარტულ თამაშებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეში წერს, რომ მასმედია ხშირად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს აგრესიის, უზნეობის, ნარკომანიის და აზარტული თამაშების პროპაგანდას.

“ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია. დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცხყოფა… ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;

გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.

ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.

შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურცხყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ,” – წერს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

დღეს, 8 აპრილს, ქრისტიანების დიდი ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქის ეპისტოლე ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. წირვას, ტრადიციულად, ხელისუფლებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.