ახალი ამბები

ეკლესია და სახელმწიფო ქვეყნის შენებაში უნდა თანამშრომლობდნენ – სააღდგომო ეპისტოლე

8 აპრილი, 2018 • 3887
ეკლესია და სახელმწიფო ქვეყნის შენებაში უნდა თანამშრომლობდნენ – სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორე 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეში წერს, რომ ეკლესია და სახელმწიფო აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნის შენების საქმეში.

“ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.

მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.

ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად,” – წერს ილია მეორე ეპისტოლეში.

დღეს, 8 აპრილს, ქრისტიანების დიდი ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქის ეპისტოლე ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. წირვას, ტრადიციულად, ხელისუფლებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი