ახალი ამბები

დავით ქაცარავას თქმით, სანამ დააკავებენ, რუსულ და ოსურ ავტომობილებს გზას გადაუკეტავს

7 აპრილი, 2018 • 7578
დავით ქაცარავას თქმით, სანამ დააკავებენ, რუსულ და ოსურ ავტომობილებს გზას გადაუკეტავს

დავით ქაცარავა თანამოაზრეებთან ერთად სოფელ აძვის ეკლესიისკენ მიემართება, საიდანაც დღეს საღამოს ე.წ. მესაზღვრეებმა სალოცავად მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ქაცარავა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თვითონაც აპირებს ე.წ. საზღვრის მიღმა გადასვლას და შიშველი ხელებით რუს ოკუპანტებთან შებრძოლებას. მისი თქმით, რუსების მანქანებს გადაადგილების საშუალებას აღარ მისცემს და ყველანაირად შეუქმნის დისკომფორტს ოკპუპანტებს, სანამ დააკავებენ.

“აბსოლუტურად შეგნებულად წავალ ამ ნაბიჯზე და ვიბრძოლებ მანამ, სანამ დამაკავებთ. ვიბრძოლებ ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად და ვიბრძოლებ ოკუპანტებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად. ყოველი ასეთი ქმედება ნაპასუხები იქნება ჩვენს მიერ მსგავსი ქმედებით. ჩვენ შიშველი ხელებით, ფეხებით, ხელებით, კბილებით შევებრძოლებით რუსების აგრესიულ ქმედებებს,” – აცხადებს დავით ქაცარავა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხვალიდან ის და მისი მეგობრები ჩაკეტავენ ნატახტარი-ლარსის მონაკვეთს რუსული და ოსური მანქანებისთვის – “ვიცი, რომ ამისთვის შეიძლება დამიჭირონ, მაგრამ, დამიჯერეთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსებს დისკომფორტი შევუქმნათ.”

სახელმწიფო უსაფრთხოების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვირვებლო მისია.

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ აძვიდან საქართველოს ორი მოქალაქე 21 მარტსაც დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულები მაშინაც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.

რუსმა ჯარისკაცებმა სოფელ აძვის ეკლესია, სკოლა და წყლის გამანაწილებელი 2014 წელს დატოვეს მავთულხლართების მიღმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი