კანადაში ავარიას ჰოკეისტთა ახალგაზრდული გუნდის 14 წევრი ემსხვერპლა

კანადაში, სატვირთო მანქანა ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, HUMBOLDT BRONCOS-ის ავტობუსში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. სპორტსმენების გარდა, დაიღუპა გუნდის მძღოლიც.

ავტობუსში მყოფი 14 გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგანაც სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტრაგედიას ტვიტერით გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა: “ვერ წარმოვიდგენ, რა არის ეს მათი მშობლებისთვის. ჩემი გული არის ყველასთან, ვინც ამ საშინელი ტრაგედიით დაზარალდა – როგორც ჰუმბოლდტის გუნდის მხარდამჭერებისთვის, ასევე მის ფარგლებს გარეთ.”

კანადა სამძიმრის წერილებს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც. პარლამენტის სახელით, მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს მეგობარ კანადელ ხალხს.

HUMBOLDT BRONCOS კანადის უმცროს ჰოკეისტთა ლიგაში გამოდიოდა. ტრაგედიის დღეს გუნდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის გასამართად მიემგზავრებოდა – ფლეი-ოფში ისინი Nipawin Hawks-ს უნდა შეხვედროდნენ.

HUMBOLDT BRONCOS – ჰოკეისტთა ახალგაზრდული გუნდი, რომლის 14 წევრიც ავარიის შედეგად დაიღუპა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.