ფალიაშვილზე ტროტუარის ხარჯზე აივანს და კიბეს აშენებენ – მერიამ თანხმობა გასცა

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის 44 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადზე მოქალაქე ტროტუარის ხარჯზე აივანს და კიბეს აშენებს.

მოქალაქე რუსუდან მაღალაშვილმა თავის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე კიბის აშენებაზე მერიას ნებართვა სთხოვა. მერიის რქიტექტურის სამსახურში გაგზავნილ წერილში იგი მიუთითებს, რომ ანალოგიური რამ მის მეზობლებასც აქვთ გაკეთებული.

ფალიაშვილის 44 ნომერში მდებარე შენობაზე აივნის და სარდაფში ჩასასვლელის მიშენება,. მერიაში წარდგენილი პროექტი

მერიაში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 1,9 მეტრის სიგანის ტროტუარზე მიშენებული აივანი და კიბე ტროტუარის ნახევარზე მეტს – 1 მეტრს დაიკავებს. აივნის ქვეშ კი სარდაფში ჩასასვლელი კიბე გაკეთდება, რომელიც მეორე მეზობელს, ირინა ჯავახიას ეკუთვნის.

“შენობის ფასადზე უკვე განხორციელებულია მსგავსი ტიპის სამუშაოები, რითაც დარღვეულია ფასადის პირვანდელი სახე. გადაწყვეტილების მიღებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება”, – წერს მაღალაშვილი.

მერიის არქიტექტურის სამსახურმა თავის თანხმობაში მიუთითა, რომ ეს არის I კლასის მშენებლობა და ასეთი ტიპის მშენებლობა ნებართვის გაცემის გარეშეა შესაძლებელი, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას მერიის არქიტექტურის სამსახური ადასტურებს.

მიშენება ფალიაშვილზე. ფოტო: ნასტასია არაბული

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com