ახალი ამბები

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

6 აპრილი, 2018 • 1599
სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც BBC წერს, მისი მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის.

სოლსბერის საავადმყოფოს ინფორმაციით, სკრიპალის ორგანიზმი მოწამვლის შემდეგ სწრაფად უმჯობესდება.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.

ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი