ახალი ამბები

მამა-შვილი სკრიპალების ცხოველები მათსავე სახლში დახოცილები იპოვეს

6 აპრილი, 2018 • 2780
მამა-შვილი სკრიპალების ცხოველები მათსავე სახლში დახოცილები იპოვეს

ზღვის ორი გოჭი და კატა, რომელიც მამა-შვილ სკრიპალებს ეკუთვნოდათ, ბრიტანულმა გამოძიებამ სკრიპალების სახლში დახოცილები იპოვა. ამის შესახებს CNN ბრიტანეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, ზღვის ორი გოჭი, რომლებიც სკრიპალების სახლში იპოვეს, სავარაუდოდ, დეჰიდრაციით (გაუწყლოვნება) დაიხოცნენ, მაშინ, როდესაც სახლში ნაპოვნი კატა, რომელიც იულია სკრიპალს ეკუთვნოდა, სტრესულ მდგომარეობაში იყო. ვეტერინარებს ცხოველის ტანჯვის თავიდან ასაცილებლად მისი ევთანაზია მოუხდათ.

სკრიპალების შინაურ ცხოველებზე საუბარი პირველად რუსეთის მხარემ დაიწყო, კერძოდ კი მაშინ, როდესაც რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ოთხშაბათს განაცხადა:

“სად არიან ისინი [ცხოველები] ახლა? ბრიტანეთს ჩვენ ვეკითხებით, რა მდგომარეობაში არიან ახლა ცხოველები? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თუ ცოცხალ ორგანიზმებზე ვსაუბრობთ, მაშინ იმ მომწამვლავ ბიოლოგიურ აგენტებს, რომელზეც ბრიტანული მხარე საუბრობს,  მათზეც უნდა ემოქმედა”.

გარდა ამისა, ზახაროვამ პარასკევს ფეისბუკზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ბრიტანელი სამართალდამცველები “მნიშვნელოვანი თვითმხილველების” [ცხოველების] უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

ხუთშაბათს კი რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში ტვიტერზე დაწერა, რომ სკრიპალებს ზღვის ორი გოჭი და ერთი კატა ჰყავდათ და მათი მდგომარეობის შესახებ ცნობები მოითხოვა.

ჯერჯერობით უცნობია, სკრიპალების ცხოველების სიკვდილის ზუსტი მიზეზი. ასევე არ დასტურდება ცნობები იმის შესახებაც, იყო  თუ არა მათ სახლში კიდევ ერთი კატა.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალის შვილი იულია სკრიპალი, რომელიც მამასთან ერთად  რამდენიმე კვირის წინ დიდ ბრიტანეთში მოწამლეს, გონს 30 მარტს მოვიდა და საუბარი შეუძლია.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი