“ერთი შოუ დაჯაბნის ყველას” – რა ვიცით ამაზონის სერიალზე “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროდან

“ამაზონმა” ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში სერიალის გადაღების უფლება 250 მილიონ დოლარად იყიდა და განაცხადა, რომ გეგმავს, ჯონ რ. რ. ტოლკინის მიერ შექმნილ ზღაპრულ სამყაროზე “სამეფო კარის თამაშების” დონის სერიალი გადაიღოს. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კომპანიამ საკუთარი გეგმების შესახებ რამდენიმე დეტალი გაასაჯაროა.

რა ვიცით სერიალის სიუჟეტზე

უფლებების 250 მილიონ დოლარად შეძენის შემდეგ ამაზონმა განაცხადა, რომ სერიალი “ბეჭდების მბრძანებლის” პრიქველი იქნება და მოვლენები “ბეჭდის საძმოს”  შექმნამდე პერიოდში, “შუამიწეთში” განვითარდება. სერიალის სიუჟეტის შესახებ, ჯერჯერობით მხოლოდ ეს ცნობებია საჯარო.

ამ განცხადების შემდეგ ტოლკინის სამყაროს ფანები სპეკულირებდნენ, რომ შესაძლოა სერიალმა ბილბო აბგელის, ჰობიტის პროტაგონისტის ცხოვრებაზე მოგვითხროს, თუმცა პიტერ ჯექსონმა ჰობიტის ტრილოგია კინოეკრანებზე უკვე გააცოცხლა . ფილმმა ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის დაჩრდილვა ვერ მოახერხა. შესაბამისად, ამ დროისთვის არსებული მოლოდინების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, “ამაზონი” ამ გზით წავიდეს.

ფანები სპეკულირებენ, რომ შესაძლოა სერიალმა ტოლკინის “სილმარილიონში” მოთხრობილი ამბები გააცოცხლოს. სწორედ “სილმარილიონი” მოგვითხრობს “ბეჭდების მბრძალენებლისა” და “ჰობიტის” სამყაროს ეპიკურ და ლეგენდარულ ისტორიებს. კრებული მოიცავს ეპიკურ ომებს, ინტრიგებს, საზოგადოებების აღზევებასა და დაცემას, ჯუჯებისა და ელფების ისტორიას და ბევრ სხვას.

თუმცა წიგნი ცნობილია ტექსტის სირთულით და მისი პირდაპირი ადაპტაცია ნაკლებ სავარაუდო და წარმოუდგენელიც კია. ამის მიუხედავად, კრებულში არაერთი საინტერესო ისტორია და თავგადასავალია ასახული, რომლის გამოყენებაც, სერიალის ავტორებს შეეძლებათ.

ხუთი სეზონი მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტით

ასეთი ისტორიების სატელევიზიო ეკრანზე გადმოტანა კი იაფი სიამოვნება ნამდვილად არ იქნება.  გარიგების მიხედვით, რომელიც ამაზონმა  Tolkien estate-თან მიაღწია, ცნობილი გახდა, რომ კომპანია 5 სეზონის გადაღებას გეგმავს, მისი ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდი დოლარი იქნება და სერიალის წარმოებას 2 წელს მოანდომებს.  შეთანხმებიდან ასევე ირკვევა, რომ ამაზონმა შესაძლოა “ბეჭდების მბრძანებლის” სპინ-ოფ სერიალებიც გადაიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე სამყაროდან შესაძლოა ალტერნატიული ისტორიები განავითაროს.

შედარებისთვს, HBO-ს ბოლო სეზონებში “სამეფო კარის თამაშების” თითო სერია დაახლოებით 10-15 მილიონი დოლარი უჯდება. ამ დროისთვის სერიალის 47 ეპიზოდია გამოსული, ახალ, ფინალურ სეზონში კი 6 ეპიზოდია დაანონსებული.

მიიღებს თუ არა პიტერ ჯექსონი სერიალის შექმნაში მონაწილეობას?

სერიალის გადასაღებად უფლებების მოპოვებისას “ამაზონმა” New Line Cinema-სთანაც გააფორმა ხელშეკრულება. ეს ის კომპანიაა, რომელმაც “ბეჭდების მბრძანებელი” გადაიღო. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ “ამაზონი” ტრილოგიის მასალების გამოყენებას ახალ სერიალში გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად კოსტუმების დიზაინის, თუ რის გამოყენებაზეა საუბარი.

უცხოურ მედიაში იმის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი შესაძლოა “ბეჭდების მბრძანებლის” რეჟისორი, პიტერ ჯექსონი გახდეს. როგორც ჯექსონის ნდობით აღჭურვილმა პირმა განაცხადა, რეჟისორი სერიალის გადაღებებში მონაწილეობით დაინტერესებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.